logo
ENG



ღარიბაშვილი რუსეთთან ფრენების გასამართლებლად სხვადასხვა ფაქტებით მანიპულირებს - TI-ს კვლევა

22 მაი 202320:34
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილი რუსეთთან ფრენების გასამართლებლად სხვადასხვა ფაქტებით მანიპულირებს - TI-ს კვლევა

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ (TI) რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გასამართლებლად პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებით მანიპულაციების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, პრემიერი ფრენების აღდგენის გამო დაწყებულ პროტესტსა და კრიტიკას თავიდანვე ანტიდასავლური რიტორიკით გამოეხმაურა.

TI-ში ამბობენ, რომ "ღარიბაშვილის განცხადების მთავარი პათოსი იყო, რომ მაშინ როდესაც ევროკავშირი თავად ვაჭრობს რუსეთთან, უსამართლოა საქართველოს მიმართ მოწოდება შეწყვიტოს მასთან ეკონომიკური ურთიერთობები".

"თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირი არ მოუწოდებს საქართველოს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვეტისკენ. ევროკავშირის მოწოდებაა, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში არსებულ სანქციებს შეუერთდეს, რადგან საქართველო არ გახდეს რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ადგილი, რისი ალბათობაც, ფრენების აღდგენის შემთხვევაში, იზრდება", - განმარტავენ ორგანიზაშია. 

გარდა ამისა TI-ში აღნიშნავენ, რომ ღარიბაშვილი ასევე ევროკავშირის რუსეთთან ვაჭრობის რიცხვებით მანიპულირებს - კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ "ევროკავშირი, რომელმაც არ მოიწონა საქართველოს ფრენები, ვაჭრობა და ეკონომიკა რუსეთთან, დღემდე ვაჭრობს რუსეთთან… 2022 წელს საქართველოს ვაჭრობა რუსეთთან 1 მილიარდ დოლარამდე იყო, ხოლო ევროკავშირის 270 მილიარდი დოლარი".

სიმართლე კი ასე გამოიყურება - უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის რუსეთზე სავაჭრო დამოკიდებულება 3-ჯერ შემცირდა, საქართველოს რუსეთზე სავაჭრო დამოკიდებულება კი 1.5-ჯერ გაიზარდა.

"აქცენტის გაკეთება იმაზე, რომ ევროკავშირს რუსეთთან გაცილებით დიდი სავაჭრო ბრუნვა აქვს, ვიდრე საქართველოს, მანიპულირებაა, რადგან ევროკავშირის ეკონომიკა არის 20 ტრილიონ დოლარამდე და მასში ვაჭრობის მცირე წილიც კი მაღალი რიცხვი გამოდის. თუ გვაინტერესებს, ომის დაწყების შემდეგ, როგორ შეიცვალა ევროკავშირის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, შედარება უნდა გაკეთდეს იმის მიხედვით, თუ რა წილი უჭირავს ევროკავშირის და საქართველოს საგარეო ვაჭრობაში რუსეთს და რა გააკეთეს ამ წილების შესამცირებლად.

2021 წელთან შედარებით ევროკავშირმა რუსეთში ექსპორტის 49% და რუსეთიდან იმპორტის 58% დაასანქცირა. საქართველოს მთავრობას არაფერი გაუკეთებია რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად. რუსეთი ფინანსდება, როდესაც მისი პროდუქცია იმპორტით შედის სხვა ქვეყანაში.

ქართული კომპანიების დასანქცირების რისკი რუსეთთან ფრენების აღდგენის შემდეგ რუსეთთან ეკონომიკური და პოლიტიკური დაახლოებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, როგორიც არის ფრენების აღდგენა, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას გაურთულებს.

საქართველოს მთავრობას ოფიციალურად დღემდე აქვს განცხადებული, რომ სურს ევროკავშირის წევრი გახდეს. უკრაინასთან ომში ჩართულ რუსეთთან ეკონომიკური და პოლიტიკური დაახლოება, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას შეაფერხებს, რადგან, ევროკავშირი ასპირანტი ქვეყნებისგან საგარეო პოლიტიკის გაზიარებას მოელის. ევროკავშირმა უკრანაში ომის დაწყებიდან 3 დღეში, 2022 წლის 27 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება რუსული თვითმფრინავებისთვის ცის დახურვის შესახებ, რომელიც დღემდე ძალაშია. ნებისმიერ რუსეთში რეგისტრირებულ თვითმფრინავს, ასევე რუსეთის მოქალაქის ან კომპანიის კუთვნილს ან დაქირავებულს ეკრძალება ევროკავშირის სივრცეში ფრენა. ასევე, აკრძალულია რუსული ავიაციისთვის ნებისმიერი საქონლის და მომსახურების მიწოდება. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის სანქციები ეხება ნებისმიერ რუსულ კომპანიას, მათ შორის, რუსულ კომპანია აზიმუტს, რომელიც უკვე ახორციელებს პირდაპირ ფრენებს თბილისის მიმართულებით", - წერია კვლევაში.


close დახურვა