საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, ანაკლიის პორტის მშენებლობა წელსვე დაიწყება.
მთავრობის სხდომაზე მან თქვა, რომ "დღეს დაიწყებენ ოფიციალურ მოქმედებას, რომელიც უკავშირდება ანაკლიის პორტის მშენებლობას".
მისივე განცხადებით, პორტის 51% სახელმწიფოს კუთვნილება იქნება, 49%-ზე კი საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება, თუმცა, ინვესტორის შემოსვლას არ დაელოდება მთავრობა და სამუშაოები წელსვე დაიწყება.
"დღეს ჩვენ დავიწყებთ ოფიციალურ მოქმედებას, რომელიც უკავშირდება ანაკლიის პორტის მშენებლობას. ეკონომიკის სამინისტრო ამზადებს შესაბამის პროცედურებს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება არის შემდეგი, ამ პორტის 51% იქნება სახელმწიფოს კუთვნილება, 49%-ზე გამოვაცხადებთ საერთაშორისო ტენდერს და მოვიწვევთ პოტენციურ ინვესტორებს, მაგრამ ჩვენ არ დაველოდებით მათ შემოსვლას, ჩვენ დავიწყებთ წელს სამუშაოებს. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, წელსვე დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა.
ასევე აქტიურად გრძელდება გზების, მაგისტრალების მშენებლობა, აეროპორტის გაფართოების და სხვა კონცეფციებზე ვმუშაობთ აქტიურად. ასე რომ, ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური სიახლეები", - თქვა ღარიბაშვილმა.