logo
ENG



ღარიბაშვილმა უკრაინის მხარდამჭერ აქციებზე მისი გადადგომის მოთხოვნას მიუღებელი უწოდა

21 მარ 202214:34
3 წუთის საკითხავი
 

ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის მხარდამჭერ აქციებზე მისი გადადგომის მოთხოვნას მიუღებელი უწოდა. 

უკრაინის მხარდამჭერ მასშტაბურ აქციებზე, რომელიც თბილისში რუსეთის შეჭრის პირველი ორი კვირის განმავლობაში იმართებოდა, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნა რამდენჯერმე გაისმა, ვინაიდან საქართველოს პრემიერმინისტრმა თქვა, რომ საქართველოს საფრთხე არ ემუქრება და რომ "ომი უკრაინაში მიმდინარეობს". მან ასევე არ მისცა ნებართვა ქართველ მოხალისეებს, წასულიყვნენ უკრაინის ომში საბრძოლველად და უარი თქვა, შეერთებოდა დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. 

დღეს ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მაშინ, როცა რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად რეგიონსა და ევროპაში ვითარება არაპროგნოზირებადია, მთავრობის გადადგომა არ უნდა მოითხოვო. 

"ისეთ ვითარებაში, რომელიც არის ახლა უკრაინაში - რუსეთ-უკრაინის ომის დროს მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ გამართულა საპროტესტო აქციები და არ მოუთხოვიათ მთავრობის გადადგომა. მით უმეტეს, ჩვენი სიტუაცია არის განსაკუთრებული. ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და რუსის ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ ვცხოვრობთ რუსის ჯართან ერთად.

ამ დროს, ამ ვითარებაში, როცა სიტუაცია არის ძალიან არაპროგნოზირებადი, ძალიან მოწყვლადი მთელი რეგიონის და ევროპის მასშტაბით მოწყვლადი სიტუაციაა, სრულიად გაუგებარი და მიუღებელი იყო ის ანტისახელმწიფოებრივი აქციები, რომლებიც იმართებოდა. 

ეს, რა თქმა უნდა, იმ ძალების მიერ იყო ორგანიზებული, რომლებიც წლებია, ატარებენ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ პოლიტიკას. ეს არის მოღალატეობრივი პოლიტიკა, ეს არის მეხუტე კოლონა, ეს არის შულავერის კომიტეტი". - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

უკრაინის მხარდამჭერ აქციებზე, 4 მარტს, საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა და მადლობა გადაუხადა. 


close დახურვა