logo
ENG



ღარიბაშვილსა და ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

06 ნოე 202213:52
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/06/jpsy3gvugcayquz.jpg

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის პრემიერმინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

უწყება წერს, რომ მათ საუბრისას საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხი განიხილეს. ამასთან, მთავრობის ცნობით, ფაშინიანმა ღარიბაშვილს სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერების მონაწილეობით 31 ოქტომბერს სოჭში გამართული სამმხრივი შეხვედრის შედეგების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

"ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში მჭიდრო თანამშრომლობისა და ამ დროისათვის მიმდინარე საკითხების შესახებ", - აღნიშნავენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

რუსეთის პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და სომხეთის პრემიერმინისტრმა სოჭში მოლაპარაკებები გამართეს - რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, შეხვედრაზე 2020 წლის 9 ნოემბრის, 11 იანვრის და 2021 წლის 26 ნოემბრის შეთანხმებების შესრულებაზე იმსჯელეს, რის შემდეგადაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

განცხადების თანახმად, სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები შეთანხმდნენ ძალის გამოუყენებლობაზე და პრობლემების სუვერენიტეტის აღიარების პრინციპის გათვალისწინებით მოგვარებაზე. პუტინმა, ფაშინიანმა და ალიევმა ხაზი გაუსვეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების დასადებლად აქტიური მზადების მნიშვნელობას და გამოხატეს მზადყოფნა ერევანსა და ბაქოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის დადებული შეთანხმებების შესრულებაზე.


close დახურვა