logo
ENG



ღუდუშაური ნინოწმინდის პანსიონზე საუბრისას სახალხო დამცველს აკრიტიკებს

03 ივნ 202114:29
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ნინოწმინდის პანსიოზე საუბრისას ამბობს, რომ თუ სახალხო დამცველს ამ ხნის განმავლობაში ჰქონდა ასეთი ინფორმაცია, განგაში თავის დროზე უნდა აეტეხა. სახალხო დამცველის წარმომადგენელს პანსიოში არ უშვებენ, რაც შეეხება ინფორმაციის გავრცელებას, ომბუდსმენის აპარატმა პროკურატურიდან გამოითხოვა და მაშინ გაავრცელა, როცა მიიღო.

ღუდუშაური ამბობს, რომ "სახელმწიფო ვერ იქნება სუბიექტური მიდგომების ავანგარდში".

"სახელმწიფო ვერ იქნება სუბიექტური მიდგომების ავანგარდში, ეს მინდა, რომ მკაფიოდ და ნათლად გავმიჯნოთ. მძიმე სავარაუდო დანაშაულებზეა საუბარი, როგორიცაა გაუპატიურება და ა.შ. თუ ასეთი ინფორმაცია ჰქონდა სახალხო დამცველს მთელი ამ ხნის განმავლობაში, რას ელოდებოდა?! ამაზე განგაში იყო ასატეხი არა ახლა, არამედ თავის დროზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს იმას არ გამორიცხავს, რომ დღეს აქტიური ქმედება არ განახორციელო", - თქვა ღუდუშაურმა.

სახალხო დამცველის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში, რომელსაც სხალთელი ეპისკოპოსი, სპირიდონი მართავს, ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ‪2016-2021‬ წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, მათ შორის გაუპატიურების მუხლითაც.

გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).‬

ომბუდსმენმა 2021 წლის 15 აპრილს გამოაქვეყნა განცხადება, რომ 2020 წლის ივნისიდან მათ წარმომადგენლებს ნინოწმინდის პანსიონში არ უშვებენ. გადაწყვეტილება ეპისკოპოსმა სპირიდონმა მიიღო.

პანსიონში არ უშვებდნენ სახელმწიფოს წარმომადგენელ სოციალურ მუშაკსაც. ერთადერთი სოცმუშაკი დაწესებულებაში, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, 14 მაისს შევიდა.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ოფიციალური ინფორმაციით, 53 ბავშვი ირიცხება, თუმცა როგორც მეუფე სპირიდონისგან ირკვევა, 150-მდე ბენეფიციარი ჰყავთ.


close დახურვა