logo
ENG



ყაველაშვილი:ყველა სისტემას დავუპირისპირდები, სადაც ენმ-ს პარლამენტში შესვლის შანსი ექნება

14 ნოე 201909:48
3 წუთის საკითხავი
 
whwh9x07t5tvk4f.jpg

"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის მორიგი სხდომა მიმდინარეობს. სხდომის გამართვის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც გუშინ უმრავლესობის წევრების ნაწილმა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვეს. მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ კანონპროექტის ჩაგდების საფრთხე არსებობოდა, რის გამოც, კონსენსუსის მიღწევის მიზნით, უმრავლესობის კიდევ ერთი სხდომის ჩატარება გადაწყდა.

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ მმართველი გუნდის კიდევ ერთი დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილია. როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, მისი პოზიცია "ნაციონალური მოძრაობის" ფაქტორით არის განპირობებული. ყაველაშვილის განმარტებით, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაში ის რისკებს ხედავს. 

"რისკები, რომელიც დავასახელე, მაინტერესებდა პასუხები, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ვერ მივიღე დამაჯერებელი პასუხები, რომ ეს რისკები არ იარსებებდა. ჯერჯერობით დღეს მაქვს საშუალება, რომ მივიღო ეს პასუხები და დავფიქრდე კარგად. ნებისმიერ სისტემას დავუპირისპირდები, სადაც "ნაციონალური მოძრაობას" პარლამენტში შესვლის შანსი ექნება. ეს ჩემთვის მიუღებელია. მე მათ არ ვთვლი პოლიტიკურ პარტიად. მათ დესტრუქციისკენ მიჰყავთ საქმე. მეც ვუჭერდი მხარს ამ სისტემას. თუ დღეს დავრწმუნდები და ჩემი კოლეგები დამარწმუნებენ, რომ მათი რაოდენობა პარლამენტში შემცირდება, მაშინ კანონპროექტს მხარს დავუჭერ", - განაცხადა ყაველაშვილმა. 

ამასთან, უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის მტკიცებით, ის საკუთარი პოზიციის შეცვლას არ აპირებს. მისივე თქმით, მას და მის თანამოაზრეებს უმრავლესობისთვის გარკვეული შეთავაზება აქვთ, რომელსაც უმრავლესობის სხდომაზე წარადგენენ. 

"მე ვერავინ ვერ დამარწმუნებს და ვერც ჩემს თანამოაზრეებს, რომ ქვეყანა შევიყვანოთ ამ გადაწყვეტილებით ქაოსში. გვაქვს კიდევ შეთავაზება, რომელსაც უმრავლესობას შესაბამის ფორმატში შევთავაზებთ", - აღნიშნა ხუნდაძემ. 

 

 


close დახურვა