ყვარლის მუნიციპალიტეტში ორ კერაზე გავრცელებული ხანძარი ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ახალსოფელთან, ტყეში ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა. უწყების ცნობით, ხანძრის სიახლოვეს დასახლებული პუნქტი არ ყოფილა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
"ცეცხლი გავრცელებული იყო ორ კერად, ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარზე. რთული რელიეფის გამო, ხანძრის ქრობის სამუშაოები ცოცხალმა ძალამ ინდივიდუალური აღჭურვილობის საშუალებით დაიწყო. სიტუაციის შეფასების შემდეგ კი მოხერხდა კერების სიახლოვეს სპეციალური ტექნიკის მიყვანა.
სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები ახალსოფლის ტყეში მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ. ამ დროისთვის ადგილზე ხანძარი ლიკვიდირებულია. მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება.
ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართული იყო ცოცხალი ძალა 30-მდე მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით, ასევე, ადგილზე მუშაობდა სპეციალური ავტო ტექნიკა", - ნათქვამია ინფორმაციაში.