20 ივნისს გამართულ საპროტესტო აქციის ტალღას ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.
ხელისუფლების ოპონენტების განმარტებით ეს დღე ქართველი ხალხის გამოხატულებაა. ოპოზიცია 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით, გიორგი გახარიას იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც პრემიერი მეორე ხარისხოვნად მიიჩნევს იმ ფაქტს, თუ ვინ გასცა სისხლიან ღამეს დარბევის ბრძანება.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ეს განცხადება არის მმართველი პარტიის სახე. "დემოკრატიული მოძრაობის" წევრი ანზრო ბიწაძე ამბობს, რომ სწორედ ახალგაზრდების პროტესტმა ქვეყანაში ბოლო პერიოდის განმავლობაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას ხელი შეუწყო.
"20 ივნისი არის დღე, როდესაც ახალგაზრდების პროტესტის შედეგად, დიდი პოლიტიკური პროცესი დაიწყო. ყველა პოლიტიკური პარტია სოლიდარული იქნება 20 ივნისისადმი", - აცხადებს ბიწაძე.
პრემიერის განცხადებას აკრიტიკებს "თავისუფალი დემოკრატების" აღმასრულებელი მდივანი ლევან სამუშია. მისთვის გაუგებარია, თუ როგორ შეიძლება ქვეყნის პირველი პირისთვის მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული რეზინის ტყვიები მეორეხარისხოვანი იყოს.
"ეს ის დღეა, როდესაც თავის მოქალაქეებს ხელისუფლებამ, თვალი დათხარა. ახლა პრემიერი გვეუბნება, რომ ეს მისთვის მეორეხარისხოვანია. ეს პრაქტიკულად მმართველი გუნდის სახეა", - ამბობს სამუშია.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის განმარტებით, კი კანონის და დემოკრატიული სტანდარტის დაცვით მონაწილეებს აქციის მშვიდობიანი ფორმით ჩატარება შეეძლებათ.
"ჩვენთვის ადამიანის უფლებები არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი. „ქართული ოცნების“ მონაპოვარია ადამიანებზე ზრუნვა. შესაბამისად კანონის ფარგლებში, მშვიდობიანი დემოკრატიის შესაბამისი სტანდარტის დაცვით წარმართულ აზრის გამოხატვას რა თქმა უნდა უზრუნველყოფთ", - განაცხადა ოხანაშვილი.