სოხუმის დაცემის 27 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში, დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშები დაუშვეს.
დღეს, 2020 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან დღეს 27 წელი გავიდა.
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.
კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა.
საბრძოლო მოქმედებების მთელი პერიოდის განმავლობაში, სეპარატისტებს რუსული სამხედრო ავიაცია, ინსტრუქტორები და სპეცრაზმის ცალკეული ქვედანაყოფები ეხმარებოდნენ. დაქირავებულების და მოხალისეების სახით სეპარატისტ მებრძოლთა რიგებში დიდი რაოდენობით იყვნენ რუსეთის მოქალაქეები.
1993 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს ძალები იძულებულნი გახდნენ, სოხუმი დაეტოვებინათ. სეპარატისტებმა და მათმა დამხმარე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შტურმით აიღეს აფხაზეთის მთავრობის შენობა და ტყვედ აიყვანეს მთავრობის წევრები. მათი ნაწილი, მათ შორის მთავრობის თავმჯდომარე ჟიული შარტავა დახვრიტეს.
დახვრიტეს სოხუმის მერი გურამ გაბესკირია. ტყედ აყვანილმა გაბესკირიამ რუს ოკუპანტებს არ დაუჩოქა. "არასდროს, სანამ ცოცხალი ვარ" - თქვა მან სიკვდილის წინ.
სოხუმის დაცემის მოლოდინში მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილმა ქალაქი საზღვაო გზით დატოვა, ძირითადი ნაწილი კი კოდორის ხეობის მიმართულებით დაიძრა. ჭუბერის უღელტეხილზე ასეულობით დევნილი სიცივითა და შიმშილით დაიღუპა.
სეპარატისტებმა აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე კონტროლი 30 სექტემბერს დაამყარეს. მათ მიერ მოწყობილი ეთნიკური წმენდის შედეგად 10 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასზე მეტი კი, დევნილად იქცა.
კონფლიქტი დღემდე მოუგვარებელია.