თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს. "ფორმულას" კორესპონდეტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სასამართლოში "ლეიბორისტული პარტიის" წევრის ლაშა ჩხარტიშვილის პროცესი განახლდა. მანამდე მოსამართლემ სხდომის გადადების გადაწყვეტილება მიიღო. სხდომა 19:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ის დაგვიანებით 20:00 საათზე განახლდა.
როგორც ჩხარტიშვილის ადვოკატი აცხადებს, ის სხდომის გადადების შუამდგომლობას დააყენებს. მისივე განმარტებით, დაცვის მხარეს არ ჰქონდა საკმარისი დრო, რათა მტკიცებულებები მოეპოვებინა. ადვოკატის ინფორმააციით, ჩხარტიშვილი "ლობიოს ჰაერში აყრის" გამო დააკავეს. გარდა ამისა, დაცვის მხარეს მოსამართლის მიუკერძოებლობაში ეჭვი შეაქვს.
ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, კიდევ 4 დაკავებულის სასამართლო ასევე 20:00 საათზე უნდა განახლებულიყო, თუმცა დაკავებულები პროცესის დაწყებას ამ დრომდე ელოდებიან.
ადგილზე მთელი დღის განმავლობაში ოპოზიციური პარტიების ლიდერები იმყოფებიან. „არავინ კანონს არ არღვევდა. პოლიცია მივიდა და დაიწყო დაკავებები. ცრუ ჩვენებებით აქვთ სავსე ეს საქმეები. მიზანია ის, რომ შეაშინონ ახალგაზრდები. ყველას ვერ დაიჭერენ და საბოლოო ჯამში თვითონ დაიღლებიან“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბიბლიოთეკასთან დაკავებულ 6 პირს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან. პოლიციამ ისინი იმ დროს დააკავა, როდესაც ანტისამთავრობო პროტესტის ფარგლებში იუსტიციის მინისტრს აქციის მონაწილეები სტვენითა და შეძახილებით დახვდნენ. სამართალდამცველებმა პოლიციის მანქანაში ჩასვეს "ევროპული საქართველოს" წევრები გიგი უგულავა და გიორგი კანდელაკიც, თუმცა ისინი ავლაბარში ჩამოსვეს. პარტიის ლიდერები ადგილზე ტაქსით დაბრუნდნენ. რაც შეეხება ლაშა ჩხარტიშვილს პირველ სასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ ის სხდომათა დარბაზიდან გააძევა და 300-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.