logo
ENG



ყინწვისში სასულიერო პირს მიწის მიტაცებაში ამხელენ, მღვდელი მათ ეშმაკის მსახურებს უწოდებს

20 მაი 202112:22
3 წუთის საკითხავი
 

ყინწვისის მოსახლეობა ამბობს, რომ ყინწვისის მამათა მონასტრის ბერ-მონაზონი მამა ნაომი სოფლის იმ ტერიტორიაზე, საიდანაც გზა საძოვრებამდე და ტყემდე მიდის, ფერმას აშენებს.

მათი თქმით, სოფელი, პრაქტიკულად, მხოლოდ საქონლით არსებობს და თუ სასულიერო პირი ფერმას ააშენებს, საძოვრით ვეღარ ისარგებლებენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მღვდელი მიწას იტაცებს, მათ ავიწროვებს და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

"ხალხს ჩაგრავენ, საწყალი ხალხი დაეგდო დაბლა და ზევიდან აწვებიან. საძოვრები აღარ არის, ვერ გაიყვან საქონელს... ყველაფერს კეტავენ, ზღუდავენ სოფელს და საძოვარი აღარ უნდა სოფელს? როგორ უნდა მოიქცეს სოფელი, აზრზე არ ვარ", - ამბობენ ადგილობრივები.

თავად სასულიერო პირი მოსახლეობას ეშმაკის მსახურებს უწოდებს.

"მოვიდეს ერთი ადამიანი და თქვას, ვის ჩავუკეტე. ვის აქვს უფლება, რომ ამიკრძალოს... ღმერთი არ უყვართ, ღმერთი არ სწამთ, გასაგებია?! ეშმაკს არ უყვარს ღმერთი, ეშმაკის მსახურები არიან მაგენი ალბათ. არ უნდათ, ერთი ყველი მქონდეს?! ღვთის მსახური ვარ მე", - ამბობს ის.

სოფლის საძოვრებზე გარკვეული ნაწილი უკვე გადახნულია. ადგილზე ფორმულას გადამღები ჯგუფიც იმყოფებოდა და იქ ტერიტორია ნამდვილად მოსწორებულია იმისთვის, რომ სამშენებლო სამუშაოები დაიწყოს.

მოსახლეობის თქმით, ქარელის მერიამ მათ უთხრა, რომ ხელმოწერები ააგროვონ. მათივე განცხადებით, თუ ამან არ იმუშავა, გზას გადაკეტავენ. 


close დახურვა