logo
ENG



ყიფშიძეზე ჟანგბადის ავზები კორპუსთან ახლოსაა განთავსებული, მოსახლეობა შეშფოთებულია

06 დეკ 202121:07
3 წუთის საკითხავი
clock 572
2021/12/06/7uxqq7u2kq6rpvm.png

კლინიკა გლობალ მედის კუთვნილი ჟანგბადის ავზები ყიფშიძის 3ბ-ში, საცხოვრებელი კორპუსთან ახლოს, ავტოფარეხშია მოთავსებული, რაც მოსახლეობის შეშფოთებას იწვევს. 

მათი თქმით, ჟანგბადის ავზები ნებისმიერ დროს შეიძლება, აფეთქდეს. 

კლინიკა გლობალ მედიც იმავე კორპუსში ფუნქციონირებს.

მცხოვრებლების თქმით, ჟანგბადის ავზები თავდაპირველად სწორედ შენობის პირველ სართულზე მოათავსეს. მას შემდეგ, რაც კლინიკამ არ გაითვალისწინა მათი მოთხოვნა ავზების გადატანაზე, მოსახლეობამ შსს-ს მიმართა.

უწყებამ მოქალაქეების მოთხოვნა დააკმაყოფილა და გლობალ მედს ავზების გადატანა დაავალა. კლინიკამ ავზების დაუყოვნებლივ გადატანის მოთხოვნა 1 დეკემბერს მიიღო.

"გთხოვთ, დაუყოვნებლივ მოახდინოთ კლინიკის შენობიდან ჟანგბადის ავზების გატანა შესაბამის სათავსში. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები". - წერია შსს-ის წერილში. 

სწორედ ამ წერილის შემდეგ გადაიტანა გლობალ მედმა ავზები კორპუსიდან მის გვერდით მდებარე კუსტარულად აშენებულ ფარეხში. 

ჟანგბადის ავზებით სავსე ფარეხის კარი ნახევრად ღიაა, დარაჯი არ ჰყავს. ფორმულას კამერამ ფეთქებადსაშიში ბალონები მარტივად გადაიღო.

მოსახლეობის მოთხოვნით, კლინიკა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების ჯგუფმაც შეისწავლა.

დასკვნის მიხედვით, კლინიკაში ჟანგბადის ავზების შენახვის წესების დარღვევის გარდა, შრომის უსაფრთხოების კიდევ 10-მდე ნორმის დარღვევა დადგინდა. ხარვეზების გამოსასწორებლად გლობალ მედს 35 დღიანი ვადა სამინისტრომ 17 ნოემბერს მისცა. შესაბამისად, ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, კლინიკას ჟანგბადის ავზების ტერიტორიიდან გატანისთვის დრო ვადა 22 დეკემბრამდე აქვს. 

გლობალ მედი კი, რომელიც ფორმულას ზარებს მთელი დღის განმავლობაში არ პასუხობდა, დღის ბოლოს მოწოდებულ წერილობით პასუხში ამტკიცებს, რომ შსს-დან 25 ნოემბერს მიღებული წერილის მიხედვით, ფარეხი უწყების ინსპექტორებმა დაათვალიერეს და ნებართვაც გასცეს. 

ჟანგბადის ავზების განთავსება მოსახლეობის მახლობლად კატეგორიულად დაუშვებელია. ავზების აფეთქების გამოწვევა დაუდევარ ქცევას შეუძლია. თუკი ავზზე რაიმე ფორმით ცხიმი მოხვდება, ის ფეთქდება.

ჟანგბადის ავზების აფეთქების შედეგი მსოფლიომ ბოლოს რამდენიმე თვის წინ ერაყში ნახა, სადაც კოვიდკლინიკაში მომხდარ შემთხვევას 64 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 


close დახურვა