ტელეკომპანია „ფორმულასა" და „Edison Research"-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების შესახებ ცერემონია ამ წუთებში მიმდინარეობს. ამერიკული კვლევითი კომპანია „Edison Research", რომელიც 100-ზე მეტ ქვეყანასთან თანამშრომლობს, ტელეკომპანია „ფორმულას" პარტნიორი ხდება. "Edison Research" ტელეკომპანიისთვის, 1 წლის განმავლობაში, პოლიტიკური კვლევის 6 ტალღას ჩაატარებს. ასევე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ეგზიტპოლს მოამზადებს. აღნიშნული კომპანია საქართველოში 2008 წლიდან მუშაობს და თითქმის ყველა კვლევის შედეგი "ცესკოს" მონაცემებს დაემთხვა.
"ედისონ რისერჩი ამჟამად მოიწვია ტელეკომპანია "ფორმულამ". ძალიან ადრე დაგვიკავშირდნენ, რადგან კარგად ესმით, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობის აზრის დინამიკის ასახვა და არამარტო ერთი კვლევით. ამიტომ, ჩვენ გვაინტერესებს არამარტო ის, ხვალ რომ არჩევნები იყოს, მოსახლეობა რომელ პარტიას მიცემდა ხმას, არამედ გვაინტერესებს რა აფიქრებს, რა აღელვებს ხალხს და სად ხედავენ საჭიროებას, რომ პარტიებმა აქცენტი გააკეთონ", -განმარტავს "ედისონ რისერჩის" ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯაფარიძე.
"ედისონ რისერჩის" აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის რობ ფარმანის თქმით კი, კვლევები ყოველ 2 თვეში ერთხელ ჩატარდება და 12 ათასი ადამიანი გამოიკითხება.
"წელს ჩავატარებთ გამოკითხვას მთელი საქართველოს მასშტაბით. თითოეული კვლევისთვის იგეგმება 12 000 ადამიანის გამოკითხვას. ყოველ 2 თვეში ჩავატარებთ გამოკითხვას "ფორმულა ნიუსისთვის" და გავაცნობთ ხალხის აზრს აუდიტორიას. ფოკუსირებეულები ვართ არჩევნებზე, რატომ აძლევს ხმას ამომრჩეველი ამა თუ იმ კანდიდატს. მიმდინარე წლის ოქტომბერში კი ჩავატარებთ ეგზიტპოლებს",-აღნიშნავს ფარმანი.
„ფორმულას" დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი ზურაბ გუმბარიძე აცხადებს, რომ სანდო ეგიზტპოლის არსებობა არამხოლოდ არჩევნებისთვის, არამედ მთლიანი პოლიტიკური პროცესების ჯანსაღი განვითარებისთვისაა აუცილებელი და მნიშვნელოვანი.
"სანდო ეგზიტპოლის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არჩევნების შემდეგ პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ შეძლონ მანიპულირება სანამ ცესკო-ს ოფიციალური მონაცემი გამოქვეყნდება. ზოგადად, პოლიტიკურ პროცესის გამართულობისთვის მნიშვნელოვანია სანდო ეგზიტპოლის არსებობა ქვეყანაში",-აცხადებს გუმბარიძე.
ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „ფორმულამ" მაუწყებლობა 2019 წლის 1-ელ ოქტომბერს დაიწყო. „ფორმულა" პროფესიონალ გუნდთან ერთად ცდილობს მაყურებელს ყოველდღიურად მიუკერძოებელი ინფორმაცია მიაწოდოს.