logo
ENG



ყოველდღიურად თითო ხმა იკარგებოდა, არ გვინდა ოცნებას ჩავაგდებინოთ ცვლილებები-ბაქრაძე

21 ივნ 202012:17
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპული საქართველო“ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ აღნიშნა, ისინი კანონპროექტს მხარს დაუჭერენ.

ბაქრაძის განმარტებით, „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნა კვლავ ძალაშია, თუმცა იმისათვის, რომ კანონპროექტი არ ჩავარდეს, გადაწყვიტეს, მას მხარი დაუჭირონ.

დეპუტატი აცხადებს, რომ თუ მმართველი გუნდი მომდევნო კენჭისყრების ჩატარებამდე რურუას არ გაათავისუფლებს, ასეთ შემთხვევაში პროექტს მხარს აღარ დაუჭერენ.

„მე ამას არ დავარქმევდი გადაწყვეტილების შეცვლას. ჩვენი პოზიცია არის იგივე, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს ორივე ნაწილში - უნდა გათავისუფლდეს გიორგი რურუაც და მიღებული უნდა იქნას პროპორციული სისტემაც. დღევანდელი გადაწყვეტილების საფუძველი გახლავთ ის, რომ ჩვენ დავინახეთ რეალური საფრთხეები პროპორციულ სისტემასთან მიმართებაში. ჩვენ დავინახეთ იგივე სცენარი, რაც გვახსოვს ნოემბრიდან, როდესაც ერთის მხრივ უმრავლესობის ლიდერები ღიად და საჯაროდ აკეთებდნენ განცხადებებს, რომ არაფერი ემუქრება საკონსტიტუციო ცვლილებებს და ხმები არის, და ამ დროს ზურგს უკან ჩუმად ყველას გვესმოდა შეთქმულების შესახებ ხმები, რომ ერთ დეპუტატი აღარ აძლევს მხარს, მეორე და ასე შემდეგ. ამიტომ იგივე განვითარება დავინახეთ ბოლო დღეებში. დავინახეთ, რომ ყოველდღიურად თითო ხმა სადღაც იკარგებოდა იმ დასაწყისი 120 და შემდეგ 117 ხმიდან, სადაც მივიდა. ამიტომ მაღალი ალბათობა გაჩნდა იმისა, რომ „ოცნება“ იგივეს გაიმეორებდა და ჩააგდებდა პროპორციულ სისტემას. ამიტომ პირველი ჩვენი მოტივაცია გახდა ის, რომ არ მიგვეცა "ქართული ოცნებისთვის“ საშუალება, რომ გაემეორებინა ნოემბერი და კიდევ ერთხელ ჩაეგდო პროპორციული სისტემა. მეორე მოტივაცია უკავშირდებოდა გიორგი რურუას. ჩვენი ამოცანაა, მან დატოვოს საპატიმრო და შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება. დღეს პირველი მოსმენით ხმის მიცემით, ჩვენ ვაძლევთ ხელისუფლებას დროს მესამე მოსმენის დასრულებამდე, რომ ჰქონდეს კიდევ შანსი, გადადგას ნაბიჯი და გაათავისუფლოს გიორგი რურუა. ორივე ამოცანის შესასრულებლად, მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება.

"თუ არ გათავისუფლდება გიორგი რურუა, მეორე და მესამე მოსმენაზე ხმის მიცემას აღარ ვაპირებთ. უნდა გვესმოდეს, რომ თუ დღეს ჩავარდა პროპორციული სისტემა, კანონპროექტი ვეღარ დაბრუნდება, მაგრამ მეორე და მესამე მოსმენაზე რომც ჩაატაროს იგივე ფოკუსი „ოცნებამ“, მეორე დღესვე შეიძლება უკან შემოტანა კენჭისყრაზე. ამიტომ არის გადამწყვეტი პირველი მოსმენა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი ვეღარ ჩააგდოს“, - განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანოში რიგგარეშე სხდომისთვის ემზადებიან. პარლამენტარებმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს უნდა უყარონ კენჭი. საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით მიღწეული კონსენსუსის შედეგად, პროექტის დამტკიცების შემთხვევაში 30 მაჟორიტარი დეპუტატი აირჩევა, 120 კი პროპორციული სიით შევა პარლამენტში. როგორც აღინიშნა, „ევროპული საქართველოს“ წევრები სხდომათა დარბაზში შევლენ და პროექტს მხარს დაუჭერენ, რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტაციას - ისინი ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან.


close დახურვა