logo
ENG



ყოფილი პროკურორის ოჯახში აცხადებენ, რომ სალომე ადეიშვილი სისტემურ პრობლემებზე საუბრობს

23 ოქტ 201920:17
3 წუთის საკითხავი
 
1cz2925q7kyn014.jpg

დიდუბის რაიონის უკვე ყოფილი პროკურორის დედა ამბობს, რომ  მისი ქალიშვილი უწყებაში ბოლო 6 წლის განმავლობაში მუშაობდა. მიუხედავად ამისა, ოჯახში სამსახურზე ხშირად არ საუბრობდა.  ლალი თადუმაძე ამბობს, რომ მისი ქალიშვილი სისტემურ პრობლემებზე საუბრობს. 

„შოკისმომგვრელი იყო, რადგან არ ვიცოდით. ის, რაც უწერია, სისტემური, შიდა პრობლემებია“ - ამბობს ლალი თადუმაძე.

სალომე ადეიშვილის მიერ საჯაროდ დაწერილი პოსტში უცხო არაფერი ყოფილა თბილისის ყოფილი პროკურორისთვის. მაია მწარიაშვილი ადასტურებს, რომ ძალოვან უწყებაში რიგითი პროკურორები გადაწყვეტილებას ვერცერთ საქმეზე დამოუკიდებლად ვერ იღებენ. ამბობს, რომ პროკურატურა ზემოდან იმართება. სწორედ ამაზე მიანიშნებს სალომე ადეიშვილის საკუთარ პოსტში, სადაც ის ნეპოტიზმზე და შერჩევით სამართალზე  საუბრობს. 

„ყველა მანკიერება, რომელიც აღწერა მან ამ პოსტში, უცხო ნამდვილად არ ყოფილა ჩემთვის. პროკურატურაში ქვემდგომი პროკურორი არის ყველაზე უუფლებო. შესაბამისად, ის ვერ ღებულობს გადაწყვეტილებას ვერცერთ საქმეზე,“ -აცხადებს მაია მწარიაშვილი.

სალომე ადეიშვილი შესაძლო სექსუალურ შევიწროებაზეც მიანიშნებს, რაც მძიმე დანაშაულია და  განსაკუთრებით შემაშფოთებელია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის

„მოსაზრებები იყო გამოთქმული, მათ შორის, შესაძლო სექსუალური შევიწროების შესახებაც. ცხადია, ზოგადი მითითებაა, მაგრამ პროკურატურიდან ადამიანის ამ მიზეზებით წამოსვლა და მისი მხილება უკვე არის საგანგაშო. რადგანაც პროკურატურა ის სისტემა უნდა იყოს, სადაც მსგავს პრობლემებს არ ექნება ადგილი“ - ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე.

პოსტს გამოეხმაურა გიორგი გახარიაც. პრემიერის თქმით, გამოძიება აუცილებელია და მიუთითა პროკურატურას, რომ ამ მძიმე ბრალდებებს პასუხი უნდა გაეცეს.

რა თქმა უნდა, ეს თუ სიმართლეა, ეს არის მიუღებელი. თუმცა, პროკურატურა არის დამოუკიდებელი უწყება, რომლემაც უნდა გააკეთოს განმარტება,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განცხადების შემდეგ მთავარმა პროკურატურამ მოკლე განცხადება გაავრცელა და თქვა რომ, საქმის შესწავლა დაიწყო.

სკანდალურ განცხადებას გამოეხმაურნენ პოლიტიკურ წრეებშიც. გიგი უგულავას თქმით, პროკურატურა არ გათავისუფლებულა პოლიტიკური გავლენებისგან.

„პროკურატურა არა თუ გათავისუფლდა გავლენებისგან, არამედ იქცა სისხლისმსმელ მექანიზმად. ეს ადამიანები არ ექვემდებარებიან არავის, არ ცნობენ კანონს, მათთვის არსებობს მხოლოდ ივანიშვილი,“ - განაცხადა გიგი უგულავამ. 

ნეპოტიზმი, სექსუალური შევიწროება, შერჩევითი სამართალი, არაპროფესიონალიზმი, საქმეების შეკერვა - პროკურატურას ეს ბრალდებები უწყებისვე უკვე ყოფილმა თანამშრომელმა გუშინ, 22 ოქტომბერს წაუყენა. სალომე ადეიშვილმა ქვეყანაც დატოვა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.  


close დახურვა