logo
ENG



შაბათის ფორმულა: სუს-ი პოლიციელებს უთვალთვალებს - სისტემის წინააღმდეგ წასულებს ემუქრებიან

11 ნოე 202320:44
3 წუთის საკითხავი
clock 784

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დავალებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ თანამშრომლებს უკანონოდ უთვალთვალებს - სქემის მიხედვით, სისტემის წინააღმდეგ წასულ პოლიციელებს ემუქრებიან, აშანტაჟებენ და ქვეყნის დატოვებას აიძულებენ.

შაბათის ფორმულა ყოფილ პოლიციელებს ესაუბრა, რომლებიც დავალების შემსრულებლების გვარებს ასახელებენ, მათ შორის არის ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ზარქუას ბიძა, ვახტანგ გოგია - ის ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეს გამგებელია.

შაბათის ფორმულასთან საუბარში ყოფილი პოლიციელი, ლევან გოგია ჰყვება თუ რა სისტემით აყალბებდნენ არჩევნებს ზუგდიდის რაიონში და როგორ სთხოვდა მას უკანონო ქმედების ჩადენას ამ პროცესში ჩართული მისივე სოფლის გამგებელი - ვახტანგ გოგია.

"როგორც გამგებელი ის პირდაპირ იყო ჩართული ამ არჩევნებში და სულ იმას მეუბნებოდა, რომ მივსულიყავი შტაბში. თვითონ ვახტანგი მოვიდა და მითხრა, რამდენიმე ათეულ ადამიანზე, რომ ამათ პირადობები გამოართვი და არჩევნების მერე დაუბრუნეო. უარის შემთხვევაში ხელმძღვანელობას ეუბნებოდნენ", - ამბობს ყოფილი პოლიციელი.

გარდა ამისა როგორც ყოფილი პოლიციელი იხსენებს, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობაზე დავალებებს საკუთარი უფროსებისგანაც იღებდა. სქემა აქაც იგივე იყო - არასანდო ამომრჩევლები არჩევნების დღეს პირადობის მოწმობების გარეშე უნდა ყოფილიყვნენ.

"ისეთ ადამიანებთან უნდა მივსულიყავი, ვინც ოპოზიციას უჭერდა მხარს, ამათი გადმობირება [უნდა მომხდარიყო] და თუ ეს ვერ [მოხდებოდა], უნდა გამომერთმია პირადობები და არჩევნების მერე დამებრუნებინა. განყოფილების უფროსმა ალექსანდრე დადეშკელიანმა დამირეკა და მითხრა, რომ სია ჩამომეწერა ჩემი ახლობლების, ნათესავების და სამკუთხედები შემოეხაზათ".

შსს-ს ყოფილი თანამშრომელი შაბათის ფორმულას უყვება, რომ როგორც კი არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობაზე უარი თქვა, თვალთვალი დაუწყეს. პროცესში ჩართული იყო სენაკის პოლიციის მაშინდელი მონიტორინგის სამსახურის უფროსი, ლაშა ვეკუა, რომელიც, შაბათის ფორმულას ინფორმაციით, სწორედ 2021 წლის არჩევნების შემდეგ, დააწინაურეს და თბილისში გადმოიყვანეს.

ვეკუას დეკლარაციაში მითითებული ზუგდიდის საცხოვრებელი სახლი, სწორედ ის კორპუსია, სადაც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე გადაყრილი პირადობის მოწმობები იპოვეს. გოგია აცხადებს, რომ ყოველდღიური თვალთვალის, შევიწროებისა და ზეწოლის ფონზე გატარებული რამდენიმე თვის შემდეგ, მუქარა მის მიმართ 2021 დეკემბერში დაიწყო - ის სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის უფროსმა, კახა ხასაიამ დაიბარა.

"ჩემი სატელეფონო საუბარი იმ დღეს ისმინებოდა და როგორც კი დავასრულე, ნახევარ საათში დამიბარა ხელმძღვანელმა აკაკი ხასაიამ და ამ საუბარზე მითხრა: შენზე ყველაფერი ვიცით, ხომ ხედავ რომ შესწავლილი ხარ და თუ არ წახვალ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დასკვნით გაგიშვათ, ან დაგიჭიროთ, ვუთხარი, რომ არაფერს არ ვაკეთებ დასაჭერს თქო და ყველაფერს მოვძებნით, პრობლემა არ გვაქვსო. რა პრობლემაა შენი დაჭერაო", - ამბობს გოგია.

უკვე ყოფილი პოლიციელი მაშინ მეგობარს შინაგან საქმეთა მინისტრზე, ვახტანგ გომელაურზე ესაუბრებოდა. სწორედ ამის გამო დარწმუნებულია, რომ მინისტრი ამ დრომდე აკონტროლებს სასამართლო დავასაც, რომელიც მან უწყების წინააღმდეგ წამოიწყო.

შაბათის ფორმულა ესაუბრა კიდევ ერთ ყოფილ პოლიციელს, რომელსაც უწყება იმავე მიზეზით დაატოვებინეს, რა მიზეზითაც გოგიას.

"გეგმას გვაძლევდნენ - მინიმუმ 15 მანქანა უნდა დაგვეჯარიმებინა, აქედან სულ მცირე 1 ნასვამზე, სხვა შემიხვევა ვერ დავბრუნდებოდით განყოფილებაში", - ამბობს დავით ყოლბაია. ყოლბაია საკუთარი სიმართლის დაცვას ახლა სასამართლოში ცდილობს. ის შაბათის ფორმულას უყვება, რომ მასზე მუქარა უწყების დატოვების შემდეგაც გაგრძელდა: "პროკურატურაში დამიბარეს და მითხრეს ქვეყანა დამეტოვებინა. შენთვის ესე აჯობებსო. ის ხალხი მემუქრებოდა, ვინც ახლა მასამართლებს".

ყოფილი პოლიციელები ამბობენ, რომ სისტემას სრულად აკონტროლებს სუს-ი და თითოეულ თანამშრომელზე დადებითი, თუ უარყოფითი რეკომენდაცია შსს-ში სწორედ უსაფრთხოების სამსახურიდან მიდის.

"სუს-ს აქვს გარკვეული მიმართულებები ჩაბარებული და ისინი უსაფრთხოებაზე ნაკლებად ფიქრობენ. ისინი ფიქრობენ ოცნების უსაფრთხოების შენარჩუნებაზე. სუს-ი ადგენს ოქმებს თანამშრომლებზე და ეს ეგზავნება დირექტივის სახით შსს-ს სამმართველოებს. მაგალითად ამა თუ იმ პარტიას აქვს ეს რესურსი არჩევნებისთვის, მერე ავალებენ. ყველას ოჯახი ჰყავს და იძულებული არიან ბიჭები", - აცხადებს ყოლბაია.


close დახურვა