logo
ENG



შაბათის ფორმულა: ფინანსური პოლიცია თანამშრომლებსა და რიგით მოქალაქეებს უკანონოდ უსმენდა

20 მაი 202321:55
3 წუთის საკითხავი
 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი ინტერვიუში აცხადებს, რომ ფინანსური პოლიცია განჩინების გარეშე ანუ არაკანონიერად საკუთარ თანამშრომლებსა და რიგით მოქალაქეებს უსმენდა. ყოფილი მაღალჩინოსანი შესაბამის მტკიცებულებებსაც წარადგენს.

ივა აბესაძე ის ერთ-ერთი გამომძიებელია, რომელსაც უწყება უკანონოდ უსმენდა. ვიდრე მას სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ, უფროსის კაბინეტში მის მეგობართან პრივატული საუბარი მოასმენინეს. აბესაძემ შეძლო და ვიდრე ფინანსურ პოლიციას დატოვებდა, გამომძიებლების შიდა დახურული ჯგუფიდან უკანონო მიყურადების სხვა, ბევრი მტკიცებულება წამოიღო. საქმე ეხება სააფთიაქო კონტრაბანდას და ამ დანაშაულში მონაწილე პირების უკანონო მოსმენებს.

ივა აბესაძემ საკუთარი უფლებების დასაცავად პირადი მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მიმართა, მიუტანა შესაბამისი მტკიცებულებებიც. ხსენებული შემთხვევა 5 წლის წინ მოხდა. მოკვლევის შემდეგ - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაუგზავნა. ძიება უწყებამაც დაიწყო, თუმცა საქმე თაროზე შემოდეს. აღსანიშნავია, რომ საქმე პროკურორ მირიან დევიძეს ჩაბარდა, რომელიც 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეშიც ფიგურირებს.

"ხელთ მაქვს სქრინები, რომლითაც დასტურდება, რომ უკანონოდ ხდებოდა მეწარმეების და რიგითი მოქალაქეების მოსმენა. ყველაზე ნიშანდობლივი ისაა, რომ როცა დაიწყეს ჩემი დისკრედიტირება და გამოგონილი მიზეზით, ჩემი სამსახურიდან დათხოვნა - ყველა გამოგზავნილი ფაილი წაშალეს, მაგრამ მოვასწარი ამის შენახვა და დასტური იმისა, რომ ეს მოსმენები უკანონოდ ხდებოდა - აქ არის. ამის მიხედვით შეიძლება დადგინდეს ამ ადამიანების ვინაობა და ნამდვილობა. როცა ვუყურებდი თქვენს გადაცემას და ბაჩალიაშვილის სიუჟეტში გაიჟღერა მირიან დევიძის სახელმა, ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ თუ ხელს არ შეუშლის თორემ ობიექტური ჭეშმარიტების მისაღწევად, მირიან დევიძე ის პროკურორი არ არის, რომელმაც შეიძლება ამ საქმის რომელიმე ეპიზოდთან დაკავშირებით ობიექტური ჭეშმარიტება დაადგინოს, იმიტომ რომ 5 წელია მარტო ის მესმის, რომ მიმდინარეობს გამოძიება", - ამბობს აბესაძე.

ივა აბესაძეს 24-წლიანი კარიერა ჰქონდა. მას ბრალი სისხლის სამართლის დანაშაულში დასდეს და გაათავისუფლეს.

"დამიძახეს და მითხრეს, რომ ჩემს სამსახურებრივ მდგომარეობას ბოროტად ვიყენებ და დამითხოვეს სამსახურიდან". აბესაძე იხსენებს, როგორ დაიბარეს ფინანსური პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის, გიორგი ელგანდაშვილის კაბინეტში. ოთახში შესულს მეგობართან პირადი შინაარსის სატელეფონო საუბარი მოასმენინეს.

"ჩემი საუბარი მომასმენინეს ჩემს მეგობართან, რომელთანაც მქონდა პირადი სახის საუბარი, რაღაც ინფორმაციის მოძიებაში დახმარება ვთხოვე და ეს შეფუთეს, როგორც ზეწოლა მეწარმეზე", - ამბობს აბესაძე.

კითხვას - რატომ გახდა სისტემისთვის მიუღებელი - პასუხობს, რომ ამის მიზეზი სავარაუდოდ, ის "ხმაურიანი საქმეა, რომელზეც როგორც გამომძიებელი გათავისუფლებამდე მუშაობდა".

"მქონდა მიღებული ოპერატიული ინფორმაცია, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ გარკვეულ მისამართზე ხდებოდა ვაჭრობა არალიცენზირებული და არარეგისტრირებული მედიკამენტებით. ამის სრულყოფილი გამოძიება რომ მომხდარიყო და არ ჩაეფარცხათ ეს საქმე - საკმაოდ დიდ დანაშაულებრივ ჯგუფზე გავიდოდით, რომელიც მოიცავდა არამარტო იმ სააფთიაქო ქსელში არალიცენზირებული მედიკამენტებით ვაჭრობას, არამედ იმასაც, თუ როგორ კვეთდა ესა თუ ის მედიკამენტი საზღვარს, გადიოდა თუ არა საბაჟო კონტროლს, იბეგრებოდა თუ არა კანონის შესაბამისად, მთელი ჯაჭვი იყო", - ამბობს ფინანსური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი შაბათის ფორმულასთან ინტერვიუში.

პროკურორი მირიან დევიძე საქმეს 2018 წლიდან იძიებს. შაბათის ფორმულას არაერთი წყარო უდასტურებს, რომ დევიძე ზემდგომების მითითებებს ყველაზე ბეჯითად ასრულებს და ალბათ, სწორედ ამის გამოა, რომ მე-5 წელია ვერ გამოიძია ვერც ის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელშიც აბესაძეს სდებენ ბრალს და ვერც უკანონო მოსმენების საქმე.


close დახურვა