logo
ENG



შავგულიძე: მხარს დავუჭერდი ახალ დოკუმენტს, თუმცა საჭიროა გარკვეული ცვლილებები

19 აპრ 202114:43
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/19/x15tqb0pw1k73ql.jpg

ევროპული საქართველოს წევრი, შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ პარტნიორების მიერ შემოთავაზებული ახალი დოკუმენტი საუკეთესოა აქამდე არსებულ ყველა ვარიანტს შორის, თუმცა საჭიროებს ცვლილებებს.

ფორმულასთან საუბრისას შალვა შავგულიძემ განმარტა, რომ ამ ეტაპზე დასავლეთთან რაიმე სახის დაპირისპირება მხოლოდ მმართველი ძალისა და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებშია, ამიტომ ოპოზიციამ ამ პროცესს უნდა შეუშალოს ხელი.

„დოკუმენტი სასარგებლოა, მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ზრუნვისთვის და ჩართულობისთვის, რომ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან. უნდა დავინახოთ, რას ემსახურება ქართული ოცნების ასეთი არასწორი და გამომწვევი ნაბიჯები.

ბიძინა ივანიშვილის მიზანია უკვე, რომ ქვეყანაში შეიყვანოს კონფრონტაციაში ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და დარჩეს პირისპირ რუსეთთან. ამიტომ ეს არ უნდა დავუშვათ და ოპოზიციამ უნდა გამოიჩინოს მეტი პასუხისმგებლობა.

მე მხარს დავუჭერდი ამ დოკუმენტს, თუმცა საჭიროა გარკვეული ცვლილებების შეტანა", - აცხადებს შალვა შავგულიძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, შევა თუ არა თავად პარლამენტში, შავგულიძე ამბობს, რომ ოპოზიციას ჯერ გარკვეული გარანტიები სჭირდება, რომ მმართველი ძალა კიდევ ერთხელ არ გატეხს პირობას.

„სიმართლე გითხრათ, არ მინდა მოვლენებს გავუსწრო და სასურველია ცვლილებების შეტანა. მაგრამ პრინციპულად ვიხრები იქითკენ, რომ უნდა დავინახოთ პასუხისმგებლობა და დავაფასოთ დასავლელი პარტნიორების შრომა.

უნდა მივიღოთ რაღაც დონის გარანტიები, რომ ქართული ოცნება ამ შეთანხმების არასწორ ინტერპრეტაციას არ მოახდენს და შემდგომ არ შეცვლის პოზიციებს, ვინაიდან ეს კარგად ეხერხებათ. ქართული არც კი მოვიდეს მაგიდასთან და არ თქვას, როგორ კითხულობს ამ შეთანხმებას, გარანტიაა იმის, რომ პატიმრები დატოვებენ საპყრობილეს. რაღაც მკაფიოობა უნდა შევიტანოთ, რომ ქართულმა ოცნებამ არ თქვას, ჩვენ ასე და ასე წავიკითხეთ ", - ამბობს შალვა შავგულიძე.

საპარლამენტო მანდატის მქონდე შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ შემოთავაზებულ დოკუმენტში კორექტირებას საჭიროებს როგორც რიგგარეშე არჩევნების საკითხი, ისე პოლიტპატიმრების გათავისუფლების გზები.

„ეს დოკუმენტი ყველაზე უკეთესია მანამდე არსებულ ვარიანტებს შორის. პრინციპში, მისაღებია, მაგრამ საჭიროებს გარკვეულ კორექტირებებს, რათა ოცნებას არ მიეცეს არასწორი ინტერპრეტირების საშუალება. მაგალითად, არ მიმაჩნია გამართლებულად რიგგარეშე არჩევნების საკითხის მიბმა 2021 წლის ადგილობრივ არჩევნების შედეგებზე. ეს ვერ გამოდგება იმის გასაზომად, ნამდვილად მიიღო თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების ის რაოდენობა, რაც დაიფიქსირა, ამის გასაზომად ის შედეგი, რასაც ერთი წლის შემდეგ აჩვენებს. სხვა რამეა მოსაფიქრებელი არჩევნებამდე მისასვლელ გზასთან. 

რაც შეეხება პოლიტპატიმრებს: რურუასთან დაკავშირებით უფრო ნათელია საკითხი, პრეზიდენტის შეწყალება უნდა ამოქმედდეს. ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ ევროკავშირის გარანტია იქნება, მაგრამ ნახსენებია გირაოს თემაც და ეს ამოღებული უნდა იყოს. ნიკა მელია პატიმრობაში იმიტომ აღმოჩნდა, რომ მისთვის მიუღებელი იყო გირაოს გადახდა. გირაოზე მიბმა მისი გათავისუფლების - ამას გამოიყენებს ქართული ოცნება და ეს საერთოდ ამოსაღებია", - ამბობს შავგულიძე. 

დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარაკების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.

მასში, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი. 

  • ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 
  • რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე. 
  • და რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.  

close დახურვა