„თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, შალვა შავგულიძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას საქმეზე ისაუბრა.
როგორც შავგულიძემ გადაცემაში განაცხადა, 28 წლის წინანდელ საქმეზე პიარის აგორება და საქმეში მედიის ჩართვა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ გიორგი რურუას მიმართ ანგარიშწორება პოლიტიკური ნიშნით ხორციელდება. როგორც შავგულიძე განმარტავს, რურუა არის პირი, რომელსაც აქამდე სასამართლოსთან კონფლიქტი არ ჰქონია.
„მე შეჩერებული მქონდა საადვოკატო უფლებამოსილება, რაც პარლამენტის წევრი ვიყავი და შემდეგაც არ მქონდა განახლებული. როცა დავინახე ასეთი აშკარად დაბრალება დანაშაულის ადამიანზე პოლიტიკური მოტივაციით მე განვაახლე საადვოკატო უფლებამოსილება. შევედი საპატიმრო დაწესებულებაში და შევთავაზე. მას შესანიშნავი იურისტები იცავდნენ, მაგრამ მეც ჩემ წვლილს შევიტანდი, მას ესიამოვნა ჩემის აზრით და ასე ჩავერთე. საღი აზრისგან ძალიან შორს არის რომ ადამიანი, რომელიც თითქმის 24 საათი არის აქციებზე, სადაც პერმანენტულად დღეში რამდენიმე ადამიანს აკავებენ, ადმინისტრაციული წესით აჯარიმებენ და რა თქმა უნდა ამ დროს ხდება მათი ჩხრეკა, იქ მივიდეს უკანონო ფლობაში მქონე იარაღით, იმას ნიშნავს რომ ადამიანს სურს დაიჭირონ და მისცენ პასუხისგებაში....
ჩვენთვის ამოსავალი არის ის რომ ამ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც რურუას წინააღმდეგ მიმდინარეობს არის მოთხოვნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო სამსახურიდან და იქიდან არის მიღებული პასუხი მისი ნასამართლობასთან დაკავშირებით, რომ ინფორმაცია არ მოიპოვება. ეს ნიშნავს იმას რომ სამართალში ნამყოფ პირი არ არის. ის არის პირი რომელსაც სამართალთან კონფლიქტი არ ჰქონია. 28 წლის წინ თუ რაიმე პრეტენზია არის და ის არ არის უკვე ხანდაზმული, იმოქმედოს სამართალდამცავმა ორგანოებმა, მაგრამ ამის გამოყენება, პიარის აგორება მედიის ჩართულობა ამაში კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ გიორგი რურუას მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორება ხორციელდება და ეს არ არის სისხლის სამართლებრივი საქმე,-განაცხადა შალვა შავგულიძემ.