„მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ უფლებადამცველების შუამდგომლობა, რურუასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ არ დააკმაყოფილა. პროცესზე ასევე დაიკითხნენ ის ექსპერტები და პოლიციელები, რომლებიც გიორგი რურუას მანქანის ჩხრეკას ახორციელებდნენ.
თავად ბრალდებულმა დღეს კიდევ ერთხელ მიმართა სასამართლოს და განაცხადა, რომ დანაშაულს არ აღიარებს. მან აღნიშნა, რომ იარაღი კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ჩაუდეს.
მიუხედავად ბრალდებულის და დაცვის მხარის განცხადებებისა, მოსამართლემ თქვა, რომ რურუას გათავისუფლების საფუძველს ვერ ხედავს. მისი განმარტებით, ბრალდებულის მიმალვის და მოწმეების მოსყიდვის რისკი არსებობს.
„27 აპრილიდან დღევანდელ სხდომამდე რაიმე ახალი გარემოება არ არის გამოვლენილი, რომ ბრალდებულ გიორგი რურუას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს. დღეის მდგომარეობითაც, სახეზე იყო 198-ე მუხლის მიზნების უზრუნველყოფა პატიმრობის ძალაში დატოვებით და სხვა ნაკლებად მკაცრი ღონისძიება ვერ უზრუნველყოფდა ამ მუხლის მიზნებს. ისეთი მიზნები როგორიც არის, რომ გამოირიცხება ბრალდებულის შესაძლო მიმალვა, რაიმე ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა, პირდაპირ ან არაპირდაპირ მოწმეების მიმართ ზეგავლენის გამეორება, დღეის მდგომარეობითაც სახეზეა“, - განაცხადა მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა.
რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატი შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება უსაფუძვლოა. მისი თქმით, სასამართლო პოლიტიკურ ხელისუფლების მითითებებს ელოდება.
„რომელ მოწმეებზე ზემოქმედებაზეა საუბარი და საფრთხეზე, როდესაც დარჩენილია ორიოდე გამომძიებელია ბრალდების მოწმეებიდან დასაკითხი და მათზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს გიორგი რურუა. იქ მყოფი მოწმეები დაცვის წევრი და მძღოლი, გიორგი გეთიაშვილი და შმაგი ასანიძე დაკითხული არიან, ვერც მტკიცებულებებს შეეხება ვინაიდან ჩადებული იარაღი თავისი მაყუჩით და მჭიდით, გამოძიების ხელშია. სასამართლო ელოდება პოლიტიკური ხელისუფლების მითითებას“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით ედავებიან, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.