logo
ENG



შალვა პაპუაშვილი კრიტიკულ არხებს კომენტარის ჩაწერაზე უარს ეუბნება

15 ივლ 202113:17
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი უარს ამბობს კომენტარი მისცეს კრიტიკულ არხებს, რომელთაც პროტესტის ნიშნად 24 საათის განმავლობაში მაუწყებლობა გათიშული ჰქონდათ. 

შალვა პაპუაშვილთან რამდენიმე ჟურნალისტი კომენტარისთვის მივიდა, თუმცა კრიტიკულ არხებთან ჩაწერაზე მან უარი თქვა. 

"ეს არის ამორალური... გუშინ რასაც აკეთებდით, სურათებით რომ დადიოდით", - თქვა პაპუაშვილმა და არც სხვა არხებს ჩაეწერა. 

5-6 ივლისს აქციებზე ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის გამო დაშავდა მედიის 53 წარმომადგენელი. 

TV პირველის ოპერატორს ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას 5 ივლისს ღირსების მარშის ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები დაესხნენ თავს. ლაშქარავას სასტიკად სცემეს და სახის ძვლები ჩაუმტვრიეს, რის გამოც სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა. ის 13 ივლისს დაკრძალეს.

მედიასაშუალებები ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ, რადგან კონტრაქციაზე არ იქნა უზრუნველყოფილი მათი უსაფრთხოება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ცდილობს განავითაროს ვერსია, რომ ლაშქარავა ზედოზირებით გარდაიცვალა, რასაც ოჯახის წევრები და კოლეგები არ იზიარებენ. 

მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ 5-6 ივლისს მათზე ძალადობის ერთ-ერთი წამხალისებელი ირაკლი ღარიბაშვილი იყო, სწორედ ამიტომ არის მოთხოვნებს შორის მისი გადადგომა დაკავებული თანამდებობიდან.

პროტესტის ნიშნად ოთხმა ტელევიზიამ - ფორმულა, მთავარი არხი, ტვ პირველი და ტვ კავკასია - 14 ივლისს, 08:00 საათიდან 15 ივლისს 08:00 საათამდე მაუწყებლობა შეწყვიტა.


close დახურვა