ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი პატიმრობაში მყოფი ყოფილი სამხედროს, რომან შამათავას წერილს აქვეყნებს, რომელიც მისი თქმით, "შამათავას პირადი ადვოკატის მეშვეობით გადაეცა".
შამათავა წერილში "გმობს მოღალატეთა მცირე ჯგუფს, რომლებიც გაურკვეველი მიზეზების გამო მხარს არ უჭერენ მიხეილ სააკაშვილს". ის აღნიშნავს, რომ "ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნებში მხარს ლევან ხაბეიშვილს უჭერს".
"მე ვარ სამხედრო, რომელსაც არც ერთი ნაბიჯი არ გადამიდგამს სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ. არასოდეს დამიყენებია ჩემი პირადი ინტერესები ჩემი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებზე მაღლა, რადგან სამშობლოზე და ღმერთზე უპირატესი არ შეიძლება იყოს არაფერი ამქვეყნიურ მისიაში. საჯაროდ ვგმობ და ვემიჯნები ყველა იმ სიტყვასა და ქმედებას, პიროვნებასა თუ პარტიას, რომელიც ემიჯნება ან/და აუგად მოიხსენიებს ჩვენი ქვეყნის მთავარსარდალს, რომელთან, ჩემი როგორც სამხედრო პირის პირდაპირ დაქვემდებარებაში ყოფნა დიდი პატივი გახლდათ. ვემიჯნები და ვგმობ (ჩემდა გასაკვირად) მოღალატეთა იმ არც თუ მცირე ჯგუფს, რომლებიც გაურკვეველი მიზეზების გამო მხარს არ უჭერენ ჩვენი ქვეყნის მთავარი ინსტიტუციის, პრეზიდენტის ერთ-ერთ ღირსეულ და საერთაშორისო ასპარეზზე მკვეთრად გამოხატულ პერსონას ბატონ მიხეილ სააკაშვილს. ვადასტურებ საჯაროდ, რომ მე რომან შამათავა არ ვარ პოლიტიკოსი და ჩემი ეს სიტყვები არ გახლავთ პოლიტიკური განცხადება. ეს მხოლოდ ჩემი სინდისისა და მორალის კარნახია.
აქვე ვადასტურებ, რომ ჩემთვის მიუღებელ დაპირისპირებაში მხარს ერთპიროვნულად ვუჭერ ლევან ხაბეიშვილის პიროვნებას, რაც ჩემ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის გადასახედიდან არის პრინციპული და უპირობო. მოვუწოდებ ჩემს მეგობრებსა და ახლობლებს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელონ სინდისის კარნახით და მხარი დაუჭირონ ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის პრინციპულად აუცილებელ კანდიდატს. დიდება გმირებს!!!", - აღნიშნულია შამათავას წერილში, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი აქვეყნებს.
რომან შამათავა 12-წლიან სასჯელს იხდის. გამოძიების ვერსიით, 2008 წლის 16 აგვისტოს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა დავით ცინდელიანს, შემდეგ ბათუმში, ზღვაში ნავით გაიყვანა, თავში გასროლით მოკლა, კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს მძიმე საგანი გამოაბა და ზღვაში ჩააგდო. ბრალდების თანახმად, ანალოგიური ქმედებით შამათავამ 2008 წლის 27 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცერი პაატა ქარდავა მოკლა და მისი ცხედარიც ზღვაში ჩააგდო. პროკურატურის ინფორმაციით, კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი ცინდელიანს და ქარდავას "აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა".