logo
ENG



შარანსკი: მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად დასავლეთს დრო ეწურება

01 მარ 202311:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/01/k6ehnp74mlv76ps.jpg

საბჭოთა დისიდენტი, მწერალი და ისრაელის მთავრობის ყოფილი წევრი ნათან შარანსკი მიხეილ სააკაშვილის შესახებ ოფინიონს აქვეყნებს. გამოცემა The New York Sun-ში შარანსკი წერს, რომ დასავლეთს ცოტა დრო დარჩა იმისათვის, რომ სააკაშვილი სიკვდილს გადაარჩინოს.

წაიკითხეთ ოფინიონი სრულად:

"საქართველოდან საგანგაშო ამბები მოდის. ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობები საკმარისად მკაცრია, რომ მის სიცოცხლე საფრთხე შეექმნას. გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ მისი სიცოცხლე შეიძლება დამოკიდებული იყოს პრეზიდენტ ბაიდენსა და თავისუფალი სამყაროს სხვა ლიდერებზე, რომლებიც გააკეთებენ ყველაფერს ამ ადამიანისთვის, რომელიც დაუღალავად მუშაობდა დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაციასა და რუსული იმპერიალიზმისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის.

ბატონი სააკაშვილი ყოველთვის იყო უნივერსალური ადამიანური ღირებულებების დამცველი, დასავლეთისა და ამერიკის მტკიცე მოკავშირე და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე რუსული ჰეგემონიის კრიტიკოსი. საქართველოს მესამე პრეზიდენტად ყოფნის დროს, მან ქვეყანაში ტრანსფორმაცია მოახდინა და რამდენიმე წელში საქართველო მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ ქვეყნად აქცია, როგორც ეს საერთაშორისო გამჭვირვალობამ აღიარა.

ხელისუფლებაში მოსვლიდან სულ რაღაც რამდენიმე თვეში სააკაშვილს აქებდნენ ევროპის და ამერიკის ლიდერები იმისათვის, რომ იცავდა დემოკრატიასა და თავისუფალ ბაზარს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მხრიდან ქვეყნის დე ფაქტო კონტროლი დაასრულა. დასავლეთზე ორიენტირებული მიდგომის წარმატების აღიარებითა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე გავლენის დაკარგვის შიშით რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 2008 წელს გასცა ბრძანება საქართველოში შეჭრის შესახებ, ხანმოკლე ომის შემდეგ რუსეთმა ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია მოახდინა, რასაც დღემდე აგრძელებს.

იმ დროს სააკაშვილი აფრთხილებდა პუტინის იმპერიალისტური ამბიციების შესახებ, მაგრამ დასავლეთში ცოტას თუ უნდოდა მისი დაჯერება და სერიოზულად არ აღიქვამდა მის გაფრთხილებებს. გონივრულია დავიჯეროთ, რომ თუ დასავლეთი მობილიზდებოდა პუტინის იმპერიალისტური ამბიციების შესაჩერებლად, მაშინ დღეს არ მოგვიწევდა უკრაინაში რუსეთის ბარბაროსულ აგრესიის ხილვა.

სააკაშვილმა ქვეყნის ლიდერის პოსტიდან 2013 წელს წავიდა, კონსტიტუციური ჩარჩოების შესაბამისად, რომლის განხორციელებასაც თავად აკონტროლებდა და პატივს სცემდა ქართველი ამომრჩევლის ნებას. სამწუხაროდ, მისი პოლიტიკური მეტოქე იყო რუსი ოლიგარქ-მილიარდერი, რომელიც 2013 წლიდან საქართველოს ხელისუფლების კულისებში რჩება. ის შურისძიებით ცდილობდა სააკაშვილის მიმავალი მთავრობის ათობით წევრის დევნას და არაერთი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდება წაუყენა თავად სააკაშვილს. სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლეს. ამ სავარაუდო დანაშაულებისთვის ახლა ის საქართველოში პატიმრობაში იმყოფება. წამყვანი სამედიცინო ექსპერტების მოსაზრებით, არის მაღალი ალბათობა იმისა, რომ ბატონი სააკაშვილი დაექვემდებარა წამებას და სავარაუდოდ, მოწამლულია ქართული ხელისუფლების მხრიდან, რომელიც, როგორც ცნობილია, კრემლის დიდი გავლენის ქვეშ იმყოფება.

პირველად მიხეილ სააკაშვილს 2004 წელს შევხვდი. ის ახალი მოსული იყო ხელისუფლებაში, როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მშვიდობიანი ვარდების რევოლუციის გზით და ისრაელში ვიზიტით იმყოფებოდა და ცდილობდა, რომ გაემყარებინა კავშირი ახლად დამოუკიდებელ საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის. როგორც კაბინეტის წევრს, ჩემმა პრემიერმინისტრმა მთხოვა, შევხვედროდი სააკაშვილს აეროპორტში და იერუსალიმში მიმეცილებინა.

ჩვენ საინტერესო 45-წუთიანი საუბარი გვქონდა მანქანით მგზავრობისას, და განვიხილეთ ორმხრივი ინტერესები თემები. მოვუყევი ჩემი კავშირის შესახებ საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან. მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვიყავი, რომელიც საბჭოთა კავშირში ადამიანის უფლებების დარღვევას აკვირდებოდა. გამსახურდია ჩვენი მაგალითით საქართველოს ჰელსინკის ჯგუფის ხელმძღვანელი გახდა.

ერთმანეთი მოსკოვში 1976 წელს გავიცანით, როდესაც ვეხმარებოდი უცხოელ ჟურნალისტებს შეხვედროდა. როდესაც ყველანი 1977 წელს დაგვაპატიმრეს, ის იყო პირველი, ვინც მოინანია და KGB-მ გამოიყენა თანამებრძოლების წინააღმდეგ, რათა პატიმრობა აეცილებინა. სააკაშვილმა ამ ისტორიის მიმართ დიდი ინტერესი გამოიჩინა, თითქოს მომავალი ბრძოლისთვის ამზადებდა თავს, როცა ტოტალიტარული ინტერესების წინააღმდეგ თავისუფლებასა და დემოკრატიისთვის ბრძოლა მოუწევდა.

ამავდროულად ბატონმა სააკაშვილმა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემს თავისი კომენტარებით ირანზე, რომელსაც ცოტა ხნის წინ ეწვია. "ის თავისი არსებობის ბოლო წლებში მყოფ საბჭოთა კავშირს მაგონებს", - თქვა მან. და, როდესაც ჩემი გაკვირვებული მზერა დაინახა, სწრაფად დაამატა: ოფიციალურად ყველა ლანძღავს ამერიკას, მაგრამ არაოფიციალურად ყველა აღფრთოვანებულია ამერიკით". ამ ჩვეულებრივ ორაზროვნებაში მან მომავალი ცვლილებების ნიშანი დაინახა. რევოლუციის ბუნების მისი გაგება ძალიან ჰგავდა ჩემსას. ძალიან ხშირად ვციტირებდი მის რემარკაც ირანზე.

სამწუხაროდ, როდესაც ხუთი წლის შემდეგ ირანელმა ხალხმა გადალახა ზღვარი ორაზროვნებასა და განსხვავებულ აზრს შორის და დაიწყო რევოლუცია, თავისუფალმა სამყარომ მათ იმედი გაუცრუა. დღეს, როდესაც უკრაინელი ხალხი თავისუფლებისთვის იბრძვის პუტინის აგრესიის წინააღმდეგ, მისი შეჩერება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

თუ აშშ და მისი მოკავშირეები უახლოეს დღეებში მიხეილ სააკაშვილის ციხეში სიკვდილს დაუშვებენ, ეს გაამხნევებს რუს დიქტატორს, რადგან სააკაშვილი იყო პირველი ლიდერი, რომელიც მის იმპერიალისტურ ამბიციებს გადაუდგა წინ. მიხეილ სააკაშვილი - მეტია, ვიდრე დასავლური ღირებულებების სიმბოლო; ის დემოკრატიისა და პროგრესის მეგობარია, და ამერიკა და მისმა მოკავშირეებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი მისი სიცოცხლის გადასარჩენად". 


close დახურვა