გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების ადვოკატები უკვე პირველი სასამართლო პროცესისთვის ემზადებიან. 6 არასრულწლოვანის საქმეზე, რომელიც ცალკე გამოიყო, ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა, რადგან ერთ კვირაში ის უკვე სასამართლოში ინაცვლებს. მკაცრი ვადების გამო, პირველი პროცესი 31 ივლისს გაიმართება. ადვოკატები დარწმუნებულები არიან, რომ გარდაცვლილის ოჯახის მოთხოვნის მიუხედავად, მათი დაცვის ქვეშ მყოფებს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალის დამძიმება არ ემუქრებათ.
ადვოკატებს კი პროკურატურაში პასუხობენ, რომ საქმის გამოყოფა მძიმე მუხლისგან თავის დაღწევის მიზეზი ვერ გახდება და ახალი ბრალის წარდგენას არ გამორიცხავს. 6 არასრულწლოვანიდან ორი სწორედ „ტოიოტა ქემრის“ მგზავრია, რომელთა პასუხისგებაში მიცემას გიორგი შაქარაშვილის ოჯახი განზრახ მკვლელობის მუხლით მოითხოვს. არასრულწლოვნების მსგავსად, ბრალის დამძიმებას არც სრულწლოვანი ბრალდებულების ადვოკატები ელოდებიან.
დაზარალებულების მიერ ხელახლა ჩამორთმეული ჩვენებებით კი ბრალდებულების წინააღმდეგ ახალი დეტალები ირკვევა. მაგალითად, გიორგი ქათამაძე ბოლო ჩვენებაში ყვება, რომ როდესაც მერსედესის მგზავრებისგან ნაცემი მეორე ავტომობილის მგზავრებს ბუჩქებში ემალებოდა, ერთ-ერთმა მობილურზე გინებით დაურეკა და მოსთხოვა ეთქვა ის და მისი მეგობრები სად ემალებოდნენ.
დამატებითი დეტალები ირკვევა საქმის ფიგურანტების მობილური ტელეფონებიდან ამოღებული მიმოწერებითაც. მათ შორის არის წვეულების არასრულწლოვანი სტუმარი ნ.ხ. რომელიც მის მეგობართან საუბარში ფიზიკური განადგურებით ემუქრება მათ, ვინც აგარაკის ჩხუბის დროს სცემეს. მას ეს მიმოწერა წაშლილი ჰქონდა და საგამოძიებო უწყებამ აღადგინა.
ნ.ხ.: ესენი არ უცემიათ ჟვანოს და ბიჭებს, სხვები იყვნენ, ამათმა „გამდოლეს“.
ნ.ნ.( მეგობარი) : ესენი აკვაპარკში „იჩითებიან“. ამათ ვნახავ
ნ.ხ.: სად ველოდო აკვაპარკს, თავი ხომ გატეხილი მაქვს. 4 ადგილას კოპი მაქვს.უკნიდან მტენეს ქვა ეგრევე.
არასრულწლოვანი გამომძიებელთან ამბობს, რომ არ ახსოვს ვის გუსლისხმობს მიმოწერაში.
დღესვე გაირკვა, რომ იმ საეჭვო შეხვედრის ჩანაწერებს, რომელიც შესაძლოა, გიორგი შაქარაშვილის საქმის მნიშვნელოვან მტკიცებულებად იქცეს, პოლიცია რამდენიმე დღეში ამოიღებს. 105-ე საჯარო სკოლის უსაფრთხოების კამერები 15 ივნისს, როდესაც აქ თვითმხილველი ფეხბურთელის მკვლელობის საქმის გარჩევას შეესწრო, მუშაობდა და დღემდე ინახება. ამას სკოლის მანდატური გამოკითხვის ოქმში ადასტურებს.
ტრაგედიიდან მხოლოდ ერთი თვის შემდეგ გადაწყვიტა საგამოძიებო უწყებამ არაგვიდან წყლის ნიმუშის აღება ექსპერტიზისთვის. გიორგი შაქარაშვილის პოვნის ადგილიდან ნიმუშები ორი დღის წინ აიღეს, მას შემდეგ, რაც კერძო ექსპერტებმა უწყება საჯაროდ გააკრიტიკეს, რომ ამ დრომდე არ არის დადასტურებული ნამდვილად არაგვში დაიხრჩო თუ არა შაქარაშვილი.