logo
ENG



შაქარაშვილის საქმე - უბედური შემთხვევა თუ განზრახ მკვლელობა

28 ივნ 202021:01
3 წუთის საკითხავი
 

"დროების" სიუჟეტში ნახავთ ყველა იმ ძველ თუ ახალ ინფორმაციას, რომელიც 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ტრაგიკულად დაღუპვას უკავშირდება. საბოლოო სიტყვას ექსპერტიზა იტყვის, თუმცა, "დროების" მონაცემებით, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილი ჯგუფურ გარჩევებსა თუ კინკლაობებში არ მონაწილეობდა. მდინარეში მოხვედრის მომენტში კი ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა რა მდგომარეობაში, ძნელი სათქმელია. ეს ყველაფერი კი იმაზე მიანიშნებს, რომ ახალგაზრდა, რომელმაც ცურვაც კი არ იცოდა, შეეცადა სასიკვდილო საფრთხეს უკუნ სიბნელეში, მდინარის კალაპოტში დამალვოდა, მაგრამ ვერ მოახერხა.

ამ ტრაგიკული ისტორიის მოსმენისას ზოგს აუცილებლად სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დეტალები გაგვახსენდება, როდესაც ის ძალადობისგან თავის დაღწევისას ხევში გადაიჩეხა, საიდანაც ამოსვლა ვეღარ შეძლო. ეჭვგარეშეა ის, რომ ამ ორი შემთხვევის კონტექსტი და ვითარება განსხვავებულია, რადგან გირგვლიანის მკვლელობისას მოძალადეები სამართალდამცველები იყვნენ და ასევე სამართალდამცავი სისტემა ცდილობდა დანაშაულისა და დამნაშავეების დაფარვას. თუმცა, ორივე შემთხვევაში ახალგაზრდებზე ძალადობით "ჭკუის სწავლებასთან" გვაქვს საქმე, თუმცა ახლა ამ მცდელობას შესაძლოა „ინტელექტუალურ დახმარებას“ უწოდებენ. 

გამოძიებას კიდევ ბევრი რამის დაზუსტება მოუწევს, სანამ დანაშაულის საბოლოო კვალიფიკაციას განსაზღვრავს და იქნება თუ არა ეს "განზრახ მკვლელობა", ჯერ არ ვიცით. თუმცა ფაქტია, რომ 19 წლის ახალგაზრდა აღმოჩნდა ვითარებაში, როდესაც ის ან მოკლეს ან სიკვდილის გარდა სხვა გამოსავალი არ დაუტოვეს. 

ხელისუფლება, რომელიც ხორავას ტრაგედიაზე არასწორ რეაგირებას კინაღამ გადაჰყვა, ურთულესი ამოცანის წინაშე დგას. მან სასწრაფოდ უნდა გამოავლინოს და უმკაცრესად დასაჯოს დამნაშავეები. თუმცა, ეს ისე უნდა გაკეთდეს, რომ შაქარაშვილის საქმის სასამართლო პროცესი იმ საღამოს დაბადების დღეზე მისული ახალგაზრდების სადამსჯელო ოპერაციად არ იქცეს, რის შედეგადაც შეიძლება მივიღოთ უსამართლოდ ან დანაშაულის სიმძიმის არაპროპორციულად დასჯილი ახალგაზრდები, რომლებიც მომავალში, შესაძლოა, ბევრად საშიშ დამნაშავეებად ჩამოყალიბდნენ.  


close დახურვა