logo
ENG



შაქარაშვილის საქმეზე, შესაძლოა, ბრალი დამძიმდეს

07 ივლ 202014:38
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში, შესაძლოა, საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალი დამძიმდეს - ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო უწყება ავრცელებს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და ბრალი დამძიმდეს.

„სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასრულების და გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება. რაც შეეხება ადგილზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მოქმედების სამართლებრივ მხარეს, ამ საკითხს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია იკვლევს და თუ გამოიკვეთება მათი მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცემა პროკურატურას", - განაცხადა ბორცვაძემ.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. 17-ვეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

გარდა ამისა, უწყებამ შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოპოვებული ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი  რამდენიმე ინციდენტია ასახული. 

დაკავებულთა შორის არიან მორაგბეები, ერთი მოჭიდავე და ერთი ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე, გიორგი შაქარაშვილის მეგობარი. 

შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

დაკავებული პირებიდან ბრალს არც ერთი არ აღიარებს. მათი ადვოკატები აცხადებენ, რომ ისინი უსაფუძვლო ბრალდებებით არიან დაკავებულები.

ფეხბურთელი 19 ივნისს გაუჩინარდა, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.


close დახურვა