logo
ENG



შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ სრულწლოვან პირებს მოსამართლე შეუცვალეს

22 აგვ 202017:10
3 წუთის საკითხავი
 
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ სრულწლოვან პირებს მოსამართლე შეუცვალეს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული სრულწლოვანი პირების მოსამართლე შეცვალეს.

ერთერთი დაკავებულის არჩილ გაგნიძის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე "ფორმულასთან" საუბრისას აცხადებს, რომ ეკატერინე კულუაშვილმა საქმის ოქროს მოწმის, გურამ ამირხანაშვილის სასამართლოში დაკითხვაზე უარი განაცხადა. კობაიძე ფიქრობს, რომ კულუაშვილს კონკრეტული დავალება აქვს და ის დამოუკიდებელი მოსამართლე არ იქნება.

როგორც კობაიძე ამბობს, დაცვის მხარე ეკატერინე კულუაშვილის აცილების საკითხს დღის წესრიგში დააყენებს.

"ქალბატონი ეკატერინე კულუაშვილი იქნა მოვლინებული თბილისიდან მცხეთის რაიონულ სასამართლოში. ალბათ მას კონკრეტული დავალება აქვს მიღებული. მე გამოვრიცხავ, რომ ეს შემთხვევითობა იყოს.

როცა მივმართეთ სასამართლოს და მოვითხოვეთ ბატონი ამირხანაშვილის დაკითხვა სასამართლოში, ქალბატონმა კულუაშვილმა უარი განგვიცხადა იმ მოტივით, რომ რაღა საჭირო იყო მისი მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვა, როდესაც მას შეეძლო სასამართლოში მოსვლა და ჩვენების მიცემა.

ფაქტიურად ქალბატონმა კულუაშვილმა არ მოგვცა დაცვის მხარეს მოტივაცია, რომ გაერკვია ჭეშმარიტება. აქედან გამომდინარე როგორ უნდა გვქონდეს იმედი, რომ ეს ქალბატონი შეასრულებს იმ დავალებას, რაც სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარეობს.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქალბატონი არ იქნება დამოუკიდებელი. ის იქნება მიკერძოებული და ჩვენ აუცილებლად მის აცილების საკითხს დავაყენებთ დღის წესრიგში",-აცხადებს კობაიძე.

შეგახსენებთ, 11 აგვისტოს პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს ბრალი დაუმძიმა.  მათ შორის არის მორაგბე არჩილ გაგნიძეც.


close დახურვა