logo
ENG



შაქარაშვილის საქმეში ახალი მოწმე გამოჩნდა

25 ივნ 202020:07
3 წუთის საკითხავი
 

ობიექტური და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას მოითხოვს დღეს დაკრძალული სპორტსმენის ოჯახი, გიორგი შაქარაშვილის ახლობლები ამბობენ, რომ თუ დამნაშავეები არ გამოიკვეთება და შესაბამისი კვალიფიკაციით არ დაისჯება, რეაქცია იქნება მწვავე. კრიტიკულად მნიშვნელოვანია ახლა გარდაცვლილის ოჯახისთვის იმის დადგენა, სიცოცხლეში მიიღო თუ არა შაქარაშვილმა თავისა და ტანის დაზიანებები. 

არაგვის ხიდთან სპორტსმენის გაუჩინარებას წინ უძღოდა კონფლიქტი აგარაკზე, რომლის მფლობელიც და დაპირისპირების ყველა ფიგურანტიც დაიკითხა. ადვოკატების ნაწილი ირწმუნება, რომ გამოკითხულებზე ზეწოლა ხორციელდება. მორაგბეების ადვოკატის განცხადებით კი მისი დაცვის ქვეშ მყოფები კონფლიქტის ადგილზე ინტელექტუალური დახმარების გასაწევად ჩავიდნენ. გამოძიებას დაკავებული არ ჰყავს, თუმცა საქმეს ემატება მოწმეები. 

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეში დღეს ახალი მოწმე გამოჩნდა. გამომძიებლების შეკითხვებს თენგო ბარბაქაძე პასუხობს. 18 ივნისის ღამის ამბავს მედიასთან მოწმის მამა იხსენებს. ხვიჩა ბარბაქაძის თქმით, დაბადების დღეზე მისი შვილიც იმყოფებოდა. ჩხუბს შეესწრო და მოგვიანებით დაშავებული ორი მეგობარი ძიუდოისტ გიგა ტატიაშვილთან ერთად თბილისში წამოიყვანა. მერსედესის მარკის ავტომობილს, რომელიც ახლა მცხეთის პოლიციის ავტოსადგომზე დალუქულ მდგომარეობაშია,  ხვიჩა ბარბაქაძის ინფორმაციით, ძიუდოისტი მართავდა. (გიგა ტატიაშვილი იმ გოგონას კლასელია, ვის დაბადების დღესაც აგარაკზე აღნიშნავდნენ.) დაშავებული მეგობრების თბილისში ჩამოყვანის შემდეგ ბარბაქაძე და ტატიაშვილი მცხეთაში დანარჩენი პირების წამოსაყვანად ჩავიდნენ. მოწმის მამა ამბობს, რომ ბარბაქაძეს დაბრუნების შემდეგ გიორგი შაქარაშვილი არ უნახავს. 

საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ტოიოტას მარკის დალუქული ავტომობილი დღეს კიდევ ერთხელ დაათვალიერეს. გამომძიებლებმა ნიმუშები აიღეს. გამოკითხვაზე იმყოფებოდა, იმ აგარაკის მეპატრონე, რომელშიც წვეულება ტარდებოდა. 

ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დილიდან ხალხმარავლობა იყო. ექსპერტიზა აგარაკზე მყოფ 10-მდე ახალგაზრდას ჩაუტარდა. მათ ექსპერტიზის ბიუროს დატოვების შემდეგ მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

გიორგი შაქარაშვილი, რომლის გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობია, დღეს ვარკეთილის სასაფლაოზე დაკრძალეს. ოჯახს აინტერესებს როდის მიიღო მძიმე დაზიანებები 19 წლის ფეხბურთელმა სიცოცხლეში თუ გარდაცვალების შემდეგ. ცხედარს ექსპერტიზა დამოუკიდებელი ექსპერტის თანხლებით ჩაუტარდა, პირველადი შეფასებით მას ბლაგვი საგნით აქვს დაზიანებები მიყენებული. ოჯახის ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს. მათთვის საეჭვოა ის ფაქტი, რომ შაქარაშვილი მდინარე არაგვშია ნაპოვნი. გარდაცვლილის ბიძის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილს წყლის შიში ჰქონდა 

სახალხო დამცველს კითხვის ნიშნები აქვს თუ რამდენად დროულად და ეფექტურად ჩატარდება ჭეშმარიტების დასადგენად  საგამოძიებო მოქმედებები.ლომჯარია მზადაა სურვილის შემთხვევაში გარდაცვლილის ოჯახს იურიდიული დახმარება გაუწიოს.  

 

დღეს  განცხადება ორი სპორტსმენის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ გააკეთა. ის იმ მორაგბეების ინტერესებს იცავს, რომლებიც მცხეთაში წვეულების მონაწილეების თხოვნის საფუძველზე ტოიოტას მარკის ავტომობილით ჩავიდნენ. ადვოკატი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები ახალგაზრდებს რკინის ჯოხით გაუსწორდნენ. კობაიძის თქმით, ადგილზე მისულ სპორტსმენებს გიორგი შაქარაშვილი ადგილზე არ დახვედრიათ. 

საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში, გამთენიისას გაიჩხრიკა ნაძალადევის რაიონში მცხოვრები ორი პირის სახლი, საიდანაც ნივთმტკიცებად ლეპტოპებია ამოღებული. ადვოკატი უკანონო ჩხრეკასა და ირიბ ზეწოლაზე მიუთითებს. მუხრან ღურწკაიას მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები ორი ავტომობილით მცხეთაში პირად საქმეზე გადაადგილდებოდნენ. ავტომობილების მარკის დამთხვევის მიუხედავად ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები არც წვეულებაზე იმყოფებოდნენ, და არც ვინმეს დასახმარებლად ჩასულან მცხეთაში.

შსს გამოძიებას ორი მუხლით აგრძელებს. შემთხვევიდან  1 კვირის თავზეც შსს-ს ბრალდებული არ ჰყავს.


close დახურვა