logo
ENG



შაქარიშვილი: ჩემი მისამართით რეპლიკას კაცური პასუხი

22 ნოე 201917:28
3 წუთის საკითხავი
 
g0qq4obkrs4n126.jpg

თბილისის საკრებულოში სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, სხდომაზე ერთმანეთს საკრებულოს წევრები, ვატო შაქარიშვილი და ოთარ გრიგოლია დაუპირისპირდნენ. სხდომაზე შაქარიშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ქვეყნისთვის საზიანო საქმეს აკეთებენ, სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა დაპირისპირება საკრებულოს წევრებს შორის.

დაპირისპირება გაგრძელდა სხდომის გარეთაც, სადაც ინციდენტის შემდეგ შაქარიშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა, მისი თქმით მან ზურგსუკან მის მიმართ გაკეთებულ რეპლიკაზე ადეკვატური პასუხი გასცა.

„სხვის შეურაცხყოფაზეც მქონდა შესაბამისი ადეკვატური რეაქცია, მაგრამ ჩემს შეურაცხყოფას არავის არ ვაპატიებ. ეს იყო ყოვლად არაკაცური საქციელი, როდესაც პოლიტიკურ განცხადებაზე გააკეთეს ზურგსუკან ჩემი მისამართით რეპლიკა და ამაზე გავეცი ადეკვატური, კაცური, ადამიანური პასუხი,“-განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

შაქარიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსაც გამოეხმაურა, მისი თქმით "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვრამდე მიიყვანა, ასევე შაქარიშვილის განცხადებით ორივე ძალა ქვეყნას უქმნის საფრთხეს.

„ეს არის ძალიან ღრმა კრიზისი როდესაც ქვეყანას აყენებ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე, იმიტომ რომ აქეთ გვყავს ლეგიტიმაცია დაკარგული "ქართული ოცნება" და მეორე მხარეს გვყავს მორალურად დისკრედიტირებული, მორალურად გახრწნილი "ნაციონალური მოძრაობა" და დღეს ქვეყანაში ამ ორი პოლიტიკური ძალის მოწინააღმდეგე ერთობლიობაში უფრო მეტია, ვიდრე ამ პოლიტიკური ძალის მომხრე ერთად."- განაცხადა ვატო შაქარაშვილმა

ამ დროისთვის ხმაური თბილისის საკრებულოში დასრულდა, საკრებულოს სხდომა გრძელდება, სხდომას მხოლოდ უმრავლესობის წევრები ესწრებიან.


close დახურვა