შეერთებული შტატების სამ რეგიონში მკაცრი ზომების შემსუბუქება დაიწყო. ჯორჯია, ალასკა და ოკლაჰომა პირველი შტატები გახდნენ, სადაც ბიზნესების გახსნა გადაწყვიტეს. მაღაზიებთან ერთად, ჯორჯიის შტატში მუშაობა განაახლა სპა-სალონებმა და ბოულინგ ცენტრებმა, ორშაბათიდან კი რეგიონში რესტორნები და თეატრებიც გაიხსნება.
კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა მონაცემებით, შეერთებული შტატები მსოფლიოში პირველ ადგილზეა. გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსს ქვეყანაში 3 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რიცხვმა კი უკვე 52 ათასს გადააჭარბა. დონალდ ტრამპმა ფინანსური დახმარების მეოთხე კანონპროექტს მოაწერა ხელი. ის მცირე ბიზნესებისა და კლინიკების მხარდასაჭერად 484 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ცერემონიის დროს პრეზიდენტმა პაციენტების მკურნალობის დროს სადეზინფექციო საშუალებების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო თავიც იმართლა.