მრავალმანდატიანი ოლქები - საერთაშორისო პარტნიორების მიერ შეთავაზებულ წინადადების განხილვაზე ოპოზიცია და მმართველი გუნდი თანახმაა. მხარეების შეხვედრა კონკრეტული შეთანხმებით არ დასრულებულა. ახალი ინიციატივის განსახილველად ოპოზიცია და მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან.
ხელისუფლების გეგმებში გერმანული საარჩევნო მოდელის გადასინჯვა არ შედის. როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა, დიპლომატიური კორპუსის შეთავაზებას უმრავლესობა განიხილავს და ამის შემდეგ იტყვის საბოლოო პასუხს.
„საერთაშორისოებმა წამოჭრეს ჩვენ წინაშე წინადადება მხარეებს ხომ არ დაეწყოთ განხილვა, არსებული კონსტიტუციის ფარგლებში, მაჟორიტარული სისტემის გამრავალმანდატიანების შესახებ. ჩვენ ვთქვით, რომ თანხვედრა არის იმაზე, რომ კი ბატონო, განვიხილოთ, წავიკითხოთ და კიდევ ერთხელ შევხდეთ“, - განაცხადა წულუკიანმა.
გაერთიანებული ოპოზიციის წევრები კი ახალი ინიციატივის განხილვასთან ერთად ეუთო-ოდირის პასუხს ელოდებიან და კვლავ განაგრძობენ ბრძოლას გერმანული მოდელის საარჩევნო სისტემისთვის.
„შეთანხმება არ მომხდარა, მოხდა დათანხმება. დათანხმება მოხდა იმაზე, რომ რამენაირად გაგრძელებული ეს იყოს. ჩვენმა საერთაშორისო შუამავლებმა შემოგვთავაზეს ასეთი რამ, რადგან პოზიციები არის შეუთვსებელი, განვიხილოთ ერთი კომპონენტი - მათ ამოიღეს მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქები ჩვენი დოკუმენტიდან და შევთანხმდით, რომ შემდეგ რაუნდში ამას განვიხილავთ“, - განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა არ შეასრულა დაპირება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგაც ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დაიწყეს აქციები ერთადერთი მოთხოვნით - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს პროპორციული საარჩევნო სისტემით. ხელისუფლების წამომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდება და საკითხი განხილვას არ ექვემდებარება.
დიპლომატიური კორპუსის შუამდგომლობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმოამდგენლების უკვე მეორე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა და ამავდროულად თქვეს, რომ მათთვის მისაღები არც ე.წ. გერმანუნლი მოდელია და ის კონსტიტუციას არ შეესაბამება.