პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ალეკო ელისაშვილთან და ლევან იოსელიანთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ ამბობს, რომ საპარლამენტო მანდატების დაკავების სანაცვლოდ დადებული დოკუმენტი საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით, საარჩევნო ადმინისტრაციის, პროცედურების და საარჩევნო ბარიერის საკითხებს ითვალისწინებს.
"საკითხები, რომლებიც ეხება საარჩევნო ადმინისტრაციას, საკითხები, რომლებიც ეხება საარჩევნო პროცედურებს და საკითხები, რომლებიც ეხება საარჩევნო ბარიერსა და პროპორციების განაწილებას თვითმმართველობის არჩევნებზე", - ამბობს თალაკვაძე.
კითხვაზე, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მოქალაქეებთან შეთანხმებული საარჩევნო რეფორმის ის ნაწილი, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობის მხარდაჭერას მოითხოვს, თალაკვაძე ელისაშვილისა და იოსელიანის მსგავსად, პასუხობს, რომ დოკუმენტი ღიაა და რომ შეთანხმებაში მონაწილეობა სხვა ოპოზიციურ ძალებსაც შეუძლიათ.
მოქალაქეების პარლამენტში შესვლის შემდეგ, საკონსტიტუციო კვორუმის შედგენას კიდევ 17 დეპუტატის პარლამენტში შესვლა დასჭირდება. თალაკვაძე ამბობს, რომ ხელისუფლება, მოლაპარაკების გზით, კვლავ არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა შეთანხმებას სხვა ოპოზიციონერი აქტორებიც შეუერთდნენ და შეთანხმების სანაცვლოდ, პარლამენტში შევიდნენ.
"ჩვენ განვაგრძობთ დიალოგს ოპოზიციასთან და ველით, რომ სხვა ოპოზიციური პოლიტიკოსებიც შემოუერთდებიან საპარლამენტო პროცესს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, - "განვაგრძობთ ძალისხმევას, რათა შემოუერთდეს პროცესს კიდევ მინიმუმ იმდენი წარმომადგენელი ოპოზიციიდან, რაც იქნება საკმარისი ამ ცვლილებების განხორციელებისთვის".
მოქალაქეების გარდა, სადეპუტატო მანდატების გაუქმებაზე პარლამენტს მხოლოდ გირჩის დეპუტატების ნაწილს არ მიუმართავს. პატრიოტთა ალიანსს გამოყოფილმა ევროპელმა სოციალისტებმა უკვე დაიკავეს საპარლამენტო მანდატები, თუმცა დანარჩენმა ოპოზიციურმა აქტორებმა პარლამენტს სადეპუტატო მანდატის გაუქმების მოთხოვნით უკვე მიმართეს.
პარლამენტმა დეპუტატების მანდატების გაუქმებაზე 2 თებერვალს უნდა იმსჯელოს. მანდატების გაუქმების შემთხვევაში, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საპარლამენტო მანდატების დაკავების სანაცვლოდ შეთანხმების შესაძლებლობა ამოიწურება.