რამდენიმე თვიანი ლოდინის შემდეგ, მთავრობამ კრიზისული ბიუჯეტი პარლამენტს წარუდგინა. ახალი პარამეტრების თანახმად, პანდემიის პირობებში რედაქტირებული ბიუჯეტი 16 მილიარდამდე ლარით განისაზღვრა. მთავრობა 4-პროცენტიან ეკონომიკურ ვარდნას პროგნოზირებს, დეფიციტი კი 8-ნახევარი პროცენტია. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ახალი მონაცემები ზედმიწევნით ზუსტად არის გათვლილი, ოპონენტების კრიტიკა კი, პოპულისტურია.
ხელისუფლება ხარჯვითი ნაწილის 600 მილიონით შემცირებას აპირებს. აქედან 3 მილიონზე მეტი კაპიტალურ ხარჯებს, 2 მილიონამდე კი მიმდინარე ხარჯებს შეეხება. ყველაზე მეტად ხარჯები ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შეუმცირდებათ. მინისტრები ამბობენ, რომ ფულის დაზოგვა ყველა უწყებას მოუწევს.
ახალი ბიუჯეტის მიხედვით, მთავრობამ კრიზისის პირობებში მილიარდ ნახევარი დოლარი სესხი აიღო, რომლის ნაწილი საქართვლოში უკვე ჩამოსულია. ეს სესხი კი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 55 პროცენტს შეადგენს.
ეკონომისტებისთვის მთავრობის მიერ წარდგენილი მონაცემები არარეალისტურია. ისინი ეკონომიკის უფრო ძლიერ ვარდნას ელოდებიან. სპეციალისტების კითხვები საგარეო ვალის პირობებსაც და შემცირებული ხარჯების რაოდენობასაც ეხება. მათ ასევე მიაჩნიათ, რომ საბიუჯეტო ხარჯები წინასაარჩევნოდ ყურადღებით უნდა გაკონტროლდეს.
მთავრობაში ამბობენ, რომ კოვიდის ფონდში დაგროვებულ თანხას სხვა მიზნებისთვის არ გამოიყენებენ და მხოლოდ ვირუსით გამოწვეული შედეგების აღმოფხვრას მოხმარდება. კორექტირებული ბიუჯეტის დაგვიანების მიზეზად კი, მთავრობამ ტექნიკური მიზეზები დაასახელა. მათი განმარტებით, დრო ხარჯების შემცირების პროცესს დასჭირდა.