შეიხი სეიდ მირთაგი ასადოვი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. სუს-ში მისი დაბარება, სავარაუდოდ, რასობრივი და ეთნიკური შუღლის გაღვივების თემაზე დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება.
„საერთო ჯამში, ეს ყველაფერი თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ კეთდება“, - ასე ეხაურება სეიდ მირთაგი ასადოვი სუს-ში აქტივისტების დაბარების საკითხს. მას აინტერესებს იბარებენ თუ არა საქმეზე იმ ადამიანებს, ვინც თავიანთი განცხადებებით ხელს უწყობს შუღლის გაღვივებას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის.
„მაინტერესებს დაბარებულია თუ არა გამოკითხვაზე მეორე მხარე, რომელიც განცხადებებს აკეთებს. თუ ეს მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტებს ეხება. მე არანაირი ქმედებები არ მქონია ამ თემაზე, გარდა განცხადებებისა. შევალ და გავარკვევ, სხვა რა დეტალები აინტერესებთ. როგორც აქტივისტებისგან ვიცი, აქ მოჰყავთ მხოლოდ ნარიმანოვის საკითხზე, საერთო ჯამში ეს ყველაფერი თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ კეთდება. ეს არის ზეწოლა სამოქალაქო აქტივისტებზე. ჩემი აზრით, ის ძალები უნდა დაიკითხოს, ვინც შუღლს აღვივებენ ორ ეთნოსს - საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის“, - აცხადებს სეიდ მირთაგი ასადოვი.
სეიდ მირთაგი ასადოვის ინტერესებს არასამათავრობო ორგანიზაცია EMC იცავს. უფლებადამცველის თქმით, საქმეზე გამოძიება რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით არის დაწყებული. როგორც ქეთი ჩუთალაშვილი აცხადებს, მათთვის უცნობია, კონკრეტულად რა კითხვები აქვს გამოძიებას.