logo
ENG



შემდეგი იქნება თიბისის ფიგურანტები და მე, დაჭერების სერია უგულავათი არ დაწყებულა - გვარამია

11 თებ 202020:46
3 წუთის საკითხავი
 

„რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ვარაუდობს, რომ ხელისუფლების პოლიტიკური პატიმრების სიაში შემდგომი ის არის. ნიკა გვარამიას განცხადებით, მისი განეიტრალება რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ეჩქარება, ეს დღევანდელი სხდომიდან კარგად გამოჩნდა.

„შემდეგი იქნება თიბისის ფიგურანტები და მე. კიდევ ვინმე თუ დარჩა ისიც შემდეგი იქნება. დაჭერების სერია უგულავათი არ დაწყებულა. მანამდე იყო ოქრუაშვილი, კიდევ სხვები, 19 ადამიანია თუ არ ვცდები ივნისთან დაკავშირებულ საქმეებზე. ეს სასამართლო არ არის, ეს არის ავღიას თავლა და მოსამართლეები არიან ბინძური ცხენები. არაუშავს, ამ ბინძურ ცხენებს გავყრით, ნეხვისგან ავღიას თავლას გავწმენდთ და ეს იქნება ნამდვილად სასამართლო. ვიდრე აქ სასამართლო არ არის, არავითარი ამათ დაკრულზე ცეკვა არ იქნება. ესენი არც მოსამართლეები არიან და არც ამ შენობას ჰქვია სასამართლო“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ბრალდებულების პროტესტის მიუხედავად, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მრავალსაათიან სასამართლო სხდომებზე სიარული მხარეებს დღეგამოშვებით მოუწევთ. 

საქმის პოლიტიკურ მოტივზე ნიკა გვარამიამ სხდომათა დარბაზშიც ილაპარაკა. შესავალი სიტყვა სწორედ ამით დაიწყო და განაცხადა, რომ რუსთავი 2-ის ქონების მითვისების ამ საქმეს მართლმსაჯულებასთან საერთო არ აქვს. 

იმ საქმის ადვოკატებს, რომელსაც სამი ბრალდებული ჰყავს, სამართლებრივ შედეგზე საუბარი უჭირთ. მიზეზი, მათი განცხადებით, არსებული პოლიტიკური ვითარებაა, როდესაც ხელისუფლების დაპატიმრებული ან ბრალდებული ოპონენტების წრე თვიდან თვემდე ფართოვდება. 

მას შემდეგ რაც კიდევ ერთი ოპოზიციონერი ლიდერი სასამართლომ გუშინ ციხეში გაუშვა,  ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები ღიად ამბობენ, რომ გიგი უგულავა უკანასკნელი არ იქნება და ქართული ოცნების ხელისუფლება კანონის სახელით პოლიტიკურ ანგარიშსწორებას გააგრძელებს. 

ნიკა გვარამიას, კახა დამენიას და ზურაბ იაშვილის მომდევნო სასამართლო სხდომები მოსამართლემ 17 იანვრიდან დღეგამოშვებით ჩაინიშნა.  რის გამოც მტკიცებულებების გამოკვლევამ შესაძლოა მათ გარეშე ჩაიაროს. 


close დახურვა