logo
ENG



შესაძლოა საპატრიარქოს, ყველა ეკლესია-მონასტრის მიმდებარე ტყის ფართობი საკუთრებაში გადაეცეს

20 მაი 202020:42
3 წუთის საკითხავი
 

გარემოს დაცვის კომიტეტის მხარდაჭერა უკვე აქვს ცვლილებებს, რომლის ძალითაც შესაძლებელი ხდება, საპატრიარქოს საკუთრებაში გადაეცეს საქართველოში არსებული ყველა ეკლესია - მონასტრის მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰექტრისა. სამოქალაქო სექტორის მწვავე პროტესტის მიუხედავად ტყის კოდექსი პარლამენტში სესიაზეც გადის.

ახალი პრივილეგიების მინიჭება გავლენიანი და დომინანტი ინსტიტუციისთვის სახელმწიფოსა და რელიგიის გამიჯვნის კონსტიტუციურ პრინციპს არღვევს და პოლიტიკურ მოტივაციას ატარებს. ასეთია სპეციალისტების აზრი. ხელისუფლება საარჩევნო ინტერესს და ეკლესიის გავლენების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას უარყოფს. ცვლილებების ავტორები საპატრიარქოსთვის დამატებითი ქონებრივი უფლებების გადაცემას ტყის მოვლის და მომავალი თაობებისთვის შენახვის იდეით ხსნიან.

თეოლოგი არჩილ მეტრეველი პარლამენტის იმ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს,რომლის მიხედვითაც მიმდებარედ არსებული 20 ჰექტრამდე ტყეები ეკლესია - მონასტრებს უნდა გადაეცეთ. თეოლოგი ამბობს, რომ ტყეების გადაცემის არც რელიგიური და არც სახელმწიფოებრივი საჭიროება არ არსებობს. მისი თქმით ვერავინ დაასაბუთეს რატომ სჭირდება საპატრიარქოს ტყის დიდი ფართობი და არ სჭირდება ის გლეხს. თეოლოგი კანონპროექტში პოლიტიკურ და ქონებრივ ინტერესებს ხედავს. მისი ვარაუდით ტყეები ეკლესიას სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაეცემა. 

საპატრიარქოსთვის სატყეო ტერიტორიების გადაცემას მკაცრად აკრიტიკებენ ოპოზიციაში. „ევროპულ საქართველოში“ მიაჩნიათ, რომ ივანიშვილის გუნდი წინასაარჩევნოდ ამ კანონპროექტით ხმების მოპოვებას ცდილობს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე კი, საპატრიარქოსთვის ტყეების გადაცემას მახინჯი პრაქტიკის გაგრძელებას უწოდებს. 

კანონპროექტს არასამთავრობო სექტორშიც აკრიტიკებენ, EMC-ში ამბობენ, რომ ტყეების გადაცემის შემდეგ სხვა ყველა რელიგია გარდა მართლმადიდებლურისა კიდევ უფრო უთანასწორო პირობებში აღმოჩნდება. მესამე სექტორში მმართველი პარტიის საარჩევნო ინტერესებსაც ხედავენ და ამბობენ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ხელისუფლება ხმების, ხოლო საპატრიარქო აურაცხელი ქონების მოძიებას ცდილობს. კანონპროექტი რომ სხვა რელიგიების მიმართ დისკრიმინაციულია ამაზე ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტშიც საუბრობენ.

ეკლესია მონასტრების მიმდებარედ 20 ჰექტრამდე ტყის ფართობის გადაცემას,  გარემოს დაცვის კომიტეტმა დღეს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო პერიოდში დაარეგისტრირა და მას პანდემიის დროს განიხილავს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლისთვის ამ საკითხის არჩევნებთან დაკავშირება მიუღებელია.

კომიტეტების მხარდაჭერის შემდეგ, ცვლილებები პლენარულ სხდომაზე უნდა გავიდეს. იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტს დეპუტატები მხარს დაუჭერენ, ყველა ეკლესია - მონასტერს არაუმეტეს 20 ჰექტარი ტყის ფართობი გადაეცემა.

 


close დახურვა