"ევროპული საქართველო" პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენას გამოეხმაურა. როგორც პარტიის წევრმა, ოთარ კახიძემ განაცხადა, ხელისუფლება ხელს აფარებს დამნაშავეებს. მისი თქმით, პირი, რომელმაც სავარაუდოდ ბიბლიოთეკაში ხანძარი გააჩინა, ნიკა გვარამიას დაესხა თავს, თუმცა ხელისუფლებამ დანაშაულს ხელი დააფარა.
"ბაჩო ქათამაძე ხელისუფლებას უნდა დაეკავებინა ნიკა გვარამიაზე თავდასხმის შემდგომ. ვინაიდან იგი იყო ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის მოხდა ყველაფერი, გარდა იმისა, რომ თავად ქმედებაც იყო დანაშაულებრივი. ეს რომ მომხდარიყო, მაშინ ბიბლიოთეკას ვეღარ გადაწვავდა ეს ბოროტმოქმედი. თუმცა ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ იგი არის ხელისუფლების წაქეზებით მოქმედი პირი. როგორც მინიმუმ ეს წაქეზება გამოიხატა მის დაუსჯელობაში, თუმცა შესაძლოა, რომელიმე უწყების უშუალო დავალებასაც ასრულებდა. რაც შეეხება დაკავების შემდგომ ღონისძიებებს - მთავარია მივადევნოთ თვალყური რამდენად მოხდება მასზე კანონის სრული სიმკაცრით პასუხისმგებლობის დაკისრება", - განაცხადა ოთარ კახიძემ.
შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტი ბიბლიოთეკაში ხანძარი გაჩნდა. მოგვიანებით, ხანძრის გაჩენის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი, წარსულში ნასამართლევი ბაჩო ქათამაძე დააკავა.