logo
ENG



შეცვალე: მიშელის დოკუმენტის თანახმად, მართლმსაჯულების რეფორმა არ ეხება სასამართლო კლანს

19 აპრ 202120:07
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/19/u5izkiv0zjmwtho.jpg

მოძრაობა შეცვალე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს არ იზიარებს. 

როგორც შეცვალეს განცხადებაშია ნათქვამი, მოძრაობისთვის "კატეგორიულად მიუღებელია მედიატორის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით უნდა გამოიცეს ფართო ამნისტია"

"საქართველოს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არის სამართლიანი ვადამდელი არჩევნები, ან ისეთი შეთანხმება, რომელშიც მკაფიოდ იქნება გაწერილი ასეთი არჩევნების თარიღი ან მასთან მისასვლელი რეალური გზა და არა ის არარელევანტური ჩანაწერი, რომელიც გულისხმობს ბმას ადგილობრივი არჩევნების შედეგებსა და ცენტრალურ არჩევნებს შორის. სწორედ ასეთი დამოკიდებულების გაჩენა თვისობრივად განსხვავებულ არჩევნებს შორის არღვევს დემოკრატიის პრინციპებს.

ასევე, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია მედიატორის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით უნდა გამოიცეს ფართო ამნისტია, რომელიც შეეხება "გავრილოვის ღამის" სისხლიან მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას. მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჩვენთვის თვალებში დამიზნებით მსროლელი და ამის ბრძანების გამცემებს შორის ტოლობის დასმა ნიშნავს - ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეების ჯერ დამნაშავეებად შერაცხვას და შემდეგ შეწყალებას.

საყურადღებოა ისიც, რომ 20 ივნისის ღამიდან აქტივისტები მუდმივი დევნისა და რეპრესიების ობიექტი ვართ "ქართული ოცნების" მხრიდან. ჩვენ უკანონოდ გვაკავებენ, გვაჯარიმებენ, გვიყადაღებენ საბანკო ანგარიშებს, ჩვენზე აღძრეს სისხლის სამართლის საქმეები და ამის მოლოდინშია კიდევ უამრავი აქტივისტი - ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებას სურს მსგავსი მექანიზმებით ჩაახშოს პროტესტი. ამ ვითარებაში, ბატონი მიშელის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტის თანახმად, მართლმსაჯულების რეფორმა არ ეხება სასამართლოში არსებულ კლანს, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნის ერთ-ერთ საკვანძო ინსტრუმენტს წარმოადგენს", - აღნიშნულია განცხადებაში. 

დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარაკების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.

მასში, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი. 

  • ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 
  • რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე. 
  • და რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.  

რა წერია მედიატორების შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტში, წაიკითხეთ აქ.


close დახურვა