logo
ENG



შეწყალების ახალი წესი-დოკუმენტზე ზურაბიშვილმა, წულუკიანმა და თალაკვაძემ იმსჯელეს

31 ოქტ 201909:27
3 წუთის საკითხავი
 
jyzal0zmeoj7woo.png

სალომე ზურაბიშვილმა, არჩილ თალაკვაძეთან და თეა წულუკიანთან ერთად, შეწყალების ახალი წესი განიხილა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა განაცხადა, ადმინისტრაციაში "შეწყალების წესის შესახებ" პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი შემუშავდა, რომელიც შესაბამისი რეკომენდაციებისთვის საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, თალაკვაძისა და წულუკიანის მოსაზრებები მისთვის სრულიად მისაღებია და იმედს გამოთქვამს, რომ ბრძანებულების ტექსტის რედაქტირება დროულად განხორციელდება.

"არანაირი სირთულე არ არსებობს და იმედი მაქვს, რომ ჩემს ადმინისტრაციაში ბრძანებულების ტექსტის რედაქტირება ძალიან მალე დასრულდება იმ პრინციპების გათვალისწინებით, რომელზეც შევთანხმდით და რომელიც ჩემთვის სრულიად მისაღებია, იმისათვის, რომ დროულად გამოიცეს პრეზიდენტის ახალი ბრძანებულება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც შეწყალების წესთან დაკავშირებით პარლამენტს კონსულტაციისათვის მიმართა, საკუთარი მოსაზრებები გააცნო. მისი თქმით, შეწყალების გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელია კონკრეტული გარემოებები.

"პრეზიდენტს მივაწოდეთ ჩვენი მოსაზრებები, თუ რა კრიტერიუმებითა და რა პრონციპებზე დაყრდნობით შეიძლება მომავალში მოხდეს შეწყალება. მიგვაჩნია, რომ შეწყალების გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იყოს დანაშაულის ხასიათი და სოციალური რისკი“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

იუსტიციის მინისტრმა პრეზიდენტთან შეხვედრას პროდუქტიული, საინტერესო და ნაყოფიერი უწოდა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, შეწყალებისას მხედველობაში უნდა იყოს მიღებული, გარეთ გამოსული ადამიანი რამდენადაა რისკის შემცველი საზოგადოებისათვის და ხომ არ ჩაიდენს ის თავიდან დანაშაულს.

"ჩვენი ამოსავალი პრინციპია პატიმრის შეწყალება, მაგრამ ასევე საზოგადოების დანაშაულისაგან დაცვა. ჩვენ დაველოდებით პრეზიდენტის ბრძანებულების გამოცემას, იმისათვის, რომ პატიმრებს, პრობაციონერებსა და მსჯავრდებულებს შეწყალების პროცედურებთან დაკავშირებით უფრო მეტი განჭვრეტადობა ჰქონდეთ“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.


close დახურვა