logo
ENG



შვედეთის პირველი ქალი პრემიერი გადადგომის შემდეგ კვლავ თანამდებობაზე დაბრუნდა

29 ნოე 202118:53
3 წუთის საკითხავი
clock 795
2021/11/29/pysu49af2cr3jw7.jpg

შვედეთის პირველი ქალი პრემიერი, მაგდალენა ანდერსონი გადადგომის შემდეგ კვლავ თანამდებობაზე დაბრუნდა. 

ის ერთპარტიულ მთავრობას 2022 წლის სექტემბრამდე, არჩევნებამდე უხელმძღვანელებს. 

მაგდალენა ანდერსონი პრემიერად ოთხშაბათს აირჩიეს. გადადგომის მიზეზი გახდა მწვანეთა პარტიის გადაწყვეტილება, დაეტოვებინა კოალიცია, რომელიც ანდერსონის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან ჰქონდა. ამასთან, პარლამენტმა ქვეყნის წარმოდგენილი ბიუჯეტის დამტკიცებაზეც უარი თქვა. 

როცა პარტია კოალიციას ტოვებს, პრემიერმინისტრს გადადგომა უწევს, შემდეგ კი გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს. 

დღეს, 29 ნოემბერს შვედეთის პარლამენტში გაიმართა კენჭისყრა, რომლის მიხედვითაც, მაგდალენა ანდერსონის პრემიერმინისტრად დანიშვნა გადაწყდა. 

კერძოდ, შვედური კანონმდებლობით, კანდიდატის პრემიერმინისტრად დასანიშნად საჭიროა, პარლამენტის წევრების უმრავლესობამ მის წინააღმდეგ ხმა არ მისცეს. 

რისკდაგში სულ 349 დეპუტატია. 

ანდერსონს მხარი 101-მა მათგანმა დაუჭირა, 75-მა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, 173 კი წინააღმდეგ წავიდა.

ეს ნიშნავს, რომ საბოლოოდ, უმრავლესობა ანდერსონის პრემიერმინისტრად დანიშვნის წინააღმდეგი არ არის. 

კენჭისყრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მაგდალენა ანდერსონმა თქვა, რომ ის მზად არის, შვედეთი წინ წაიყვანოს თავისი პროგრამით, რომელიც კეთილდღეობაზე, დანაშაულის აღმოფხვრასა და კლიმატის საკითხებზეა ორიენტირებული. 

თუმცა, სხვა პარტიების მხარდაჭერის გარეშე პრემიერმინისტრს თავისი პოლიტიკის გატარება გაუჭირდება. 

მაგდალენა ანდერსონის არჩევამდე შვედეთი ჩრდილოეთ ევროპის ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელსაც ქალი ლიდერი აქამდე არ ჰყოლია. 54 წლის ანდერსონმა ამ პოსტზე სტეფან ლევენი შეცვალა.


close დახურვა