შვედეთის პირველი ქალი პრემიერმინისტრი არჩევიდან რამდენიმე საათში გადადგა.
მაგდალენა ანდერსონი პრემიერად ოთხშაბათს აირჩიეს. გადადგომის მიზეზი გახდა მწვანეთა პარტიის გადაწყვეტილება დატოვოს კოალიცია ანდერსონის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან. ამავე დროს, პარლამენტმა ქვეყნის წარმოდგენილი ბიუჯეტის დამტკიცებაზეც უარი თქვა.
"არსებობს საკონსტიტუციო პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, კოალიციური მთავრობა უნდა გადადგეს, როდესაც ერთი პარტია მას ტოვებს. არ მსურს ვხელმძღვანელობდე მთავრობას, რომლის ლეგიტიმურობაც ეჭვის ქვეშ დადგება", - განაცხადა სოციალ-დემოკრატმა.
პარლამენტის სპიკერი პარტიის ლიდერებთან ახლა მოლაპარაკებების ახალ რაუნდს დაიწყებს. ამის შედეგად შესაძლოა, რომ ანდერსონის კანდიდატურა კვლავ იქნას წარდგენილი - თუმცა არა როგორც კოალიციური მთავრობის პრემიერის, არამედ უმცირესობის კაბინეტის პრემიერის, რომელსაც სოციალ-დემოკრატიული პარტია ჩამოაყალიბებს.
შვედეთის კანონების თანახმად, პრემიერად არჩევისთვის საჭიროა, რომ დეპუტატების უმრავლესობამ წინააღმდეგ არ მისცეს ხმა. ანდერსონის პრემიერად არჩევის წინააღმდეგ 174 დეპუტატი გამოვიდა, 117-მა მას მხარი დაუჭირა, ხოლო 57-მა თავი შეიკავა. საბოლოოდ, ამან საშუალება მისცა, რომ ანდერსონი პრემიერი გამხდარიყო.
თუმცა პრემიერად არჩევიდან მალევე ანდერსონი სირთულეებს წააწყდა. მემარჯვენე ოპოზიციური პარტიები აცხადებდნენ, რომ სამთავრობო ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერდნენ. იგივე თქვა ცენტრისტულმა პარტია, რომელმაც ანდერსონის არჩევას მხარი დაუჭირა, თუმცაღა განმარტა, რომ მხარს არ დაუჭერდა მთავრობის ფინანსურ შეთავაზებებს, რომელიც "ზედმეტად მემარცხენეა". ვითარებაც ასე განვითარდა.
მაგდალენა ანდერსონის არჩევამდე შვედეთი ჩრდილოეთ ევროპის ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელსაც ქალი ლიდერი აქამდე არ ჰყოლია. 54 წლის ანდერსონმა ამ პოსტზე სტეფან ლევენი შეცვალა.