მანჩესტერ "იუნაიტედისა" და შვედეთის ნაკრების მცველმა ვიქტორ ლინდელოფმა, მოხუცი ქალბატონი გაძარცვისგან იხსნა. ევროპა ლიგაზე მარცხის შემდეგ “მანჩესტერისთვის" სეზონი დასრულდა, ლინდელოფი კი დასასვენებლად სამშობლოში, შვედეთში, ქალაქ ვასტერასში დაბრუნდა.
26 წლის ფეხბურთელმა 90 წლის ქალის გაძარცვის დროს თავდამსხმელის დაჭერა მოახერხა. ადგილობრივმა პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა: “ადამიანი, რომელიც შემთხვევის დროს იქვე იმყოფებოდა, ეჭვმიტანილის მიმართულებით გაიქცა და ის დაიჭირა მანამ, სანამ ადგილზე პოლიციელები მივიდნენ.”
ვიქტორ ლინდელოფი მანჩესტერული კლუბის ღირსებას 2017 წლიდან იცავს, სადაც დღემდე 82 მატჩი ჩაატარა. გოლით თავის გამოჩენა კი 4-ჯერ შეძლო. 2016 წლიდან კი ეროვნული ნაკრებში თამაშობს. 26 წლის ცენტრალურ მცველს, შვედეთის ნაკრების მაისური 33-ჯერ აქვს მორგებული.