logo
ENG



შვიდი წლის წინანდელი საქმის გამო ნიკა მელია გაასამართლეს

02 დეკ 201919:19
3 წუთის საკითხავი
 
y8c4tuj1dh23ypa.jpg

თაროებიდან გადმოღებული 7 წლის წინანდელი საქმის გამო დღეს ნიკა მელია გაასამართლეს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე მელია ნაწილობრივ გაამტყუნეს, ჯარიმა დააკისრეს და  საპარლამენტო საქმიანობას ჩამოაშორეს. 

განაჩენს ნიკა მელია სახლში ელოდებოდა. მედიით შეიტყო, რომ მოსამართლემ ის ნაწილობრივ გაამტყუნა, საპატიმროში არ გაუშვა და 25 ათას-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. სახლში გაიგო ისიც, რომ უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, დეპუტატის მანდატს ჩამოართმევენ. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეზე ნიკა მელია, როგორც თბილისის აღსრულების ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი ერთ ეპიზოდში გაამართლა, თუმცა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ ცნო. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს ფულადი ჯარიმის გარდა, 2 წლით და 3 თვით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

ქართუ ბანკის გაკოტრების საქმეზე სასამართლოს განხილვები 7 წელია მიმდინარეობს. ნიკა მელიასგან განსხვავებით, მოსამართლემ ამ საქმეზე დღეს სრულად გაამტყუნა იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და დაუსწრებლად 5 წელი მიუსაჯა. პროკურატურის მტკიცებით, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა, წლების წინ, „ქართუ ბანკი" წინასწარ შეთანხმებული გეგმით განზრახ გააკოტრეს. საქმის პროკურორებს დღევანდელი გადაწყვეტილების გამო იმედგაცრუება არ დაუმალავთ.

ნიკა მელიას თანაგუნდელების განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა დღეს მისი პოლიტიკური გეგმის სრულად შესრულება და ოპოზიციონერი ლიდერის ციხეში გაშვება ვერ გაბედა. თუმცა ამ გეგმის ნაწილად განიხილავენ მელიას პარლამენტიდან ჩამოშორებასაც.

ნიკა მელიას წინააღმდეგ ხმის მიცემა მის კოლეგა დეპუტატებს, უკვე მეორედ, უახლოეს მომავალში მოუწევთ. მმართველ გუნდში დღეს უკვე დაანონსეს, რომ სასამართლოს მეორე ან მესამე ინსტანციის გადაწყვეტილებას ვერ დაელოდებიან და ვალდებულები არიან კოლეგისთვის მანდატის ჩამორთმევის პროცედურა დაიწყონ. 

აღმოჩნდა, რომ კანონმდებლები კანონს ამჯერადაც განსხვავებულად კითხულობენ. პოლიტიკურმა ოპონენტებმა „ქართულ ოცნებას" ურჩიეს მორალურ დილემას ამჯერადაც პოლიტიკური მიზნების მიხედვით ნუ გადაჭრიან.

საპარლამენტო უმრავლესობაში გაკეთებული განმარტებების მიხედვით, მომდევნო სასესიო კვირას ნიკა მელია დეპუტატის სტატუსით სავარაუდოდ უკანასკნელად დაესწრება. დეპუტატისთვის მანდატის შეწყვეტას 76  ხმა სჭირდება. 5 თვის წინ, 20 ივნისის საქმეზე მელიას დაპატიმრებას პარლამეტში მხარი 91-მა დეპუტატმა დაუჭირა.

 


close დახურვა