logo
ENG



შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 10 პირი დააკავა

02 მარ 202411:07
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/02/vwmvaie7yqy2t99.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 10 პირი დააკავა. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, ბელარუსის და ისრაელის მოქალაქეები.

მათ ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ასევე, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვა, შეძენა-შენახვის მცდელობა და გასაღების მცდელობა.

უწყებაში აცხადებენ, რომ ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ასევე, დაკავებულების პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, ასევე, დიდი ოდენობით თანხა, ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტროსასწორი.

2001 წელს დაბადებული ბრალდებული პოლიციამ თბილისში დააკავა და ჩხრეკის დროს 440 აბი "ექსტაზი", საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი კანაფი, მარიხუანა და ჰაშიში ამოიღეს.

1978 და 1996 წლებში დაბადებული ორი ადამიანი ფონიჭალაში დააკავეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, ჩხრეკისას ამოიღეს 18 შეკვრად დაფასოებული - 3 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ე.წ. სირეცი, 97 350 აშშ დოლარი, 6080 ლარი და 2 790 000 რუსული რუბლი.

პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი - 2005 და 2006 წლებში დაბადებული ორი ადამიანი გლდანი-ნაძალადევის რაიონში დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად 31 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ე.წ. ბიო ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 2002 წელს დაბადებული მოქალაქე მარიხუანას გასაღების მცდელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია 4 შეკვრად დაფასოებული მარიხუანა.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა კიდევ სამი პირი დააკავა, რომელთა ჩხრეკის დროს ამოღებულია კოკაიანი, მარიხუანა, ასევე, ამოღებულია თანხა, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტროსასწორი, სასიგნალო პისტოლეტი და 9 ვაზნა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაკავებული ადამიანის ჩხრეკისას ამოიღეს "სუბოქსინი" და "ამფეტამინი".


close დახურვა