პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შინდისის ბრძოლაში დაღუპულ უმცროს სერჟანტს, ალექსანდრე ონიანს საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი მიენიჭა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, დაჯილდოების ღონისძიება დღეს ვერ ჩატარდება იმ მასშტაბით, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება მოითხოვს. შეზღუდვების მოხსნისთანავე დაიგეგმება ჯილდოს გადაცემის ცერემონია.
შინდისის ბრძოლიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს რუსეთ საქართველოს ომის მიმდინარეობისას გორის რაიონის სოფელ შინდისში ქართველი ჯარისკაცები უთანასწორო ბრძოლაში ჩაებნენ რუსულ ბატალიონთან. ბრძოლა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. ქართველმა ჯარისკაცებმა რუსებს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს.
ამ დღეს ბრძოლაში ქვედანაყოფის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.
სოფელ შინდისთან მდებარე მემორიალთან დაღუპულ გმირებს დღეს ოჯახის წევრები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკოსები მიაგებენ პატივს.