logo
ENG



შოვიდან დაბრუნებულ ვერტმფრენს ნაწილის შეცვლა სჭირდება - მისი შეძენა 586 501 ლარად იგეგმება

13 სექ 202320:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/13/93ftm6ntoad2snf.jpg

სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ვერტმფრენს, რომელიც შოვში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდა, ონის რაიონიდან დაბრუნების შემდეგ ნაწილის შეცვლა სჭირდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია მის შეძენას 586 501 ლარად გეგმავს. ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა ბათუმელებმა გაავრცელა.

საუბარია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული მი-8 მტვ-1 ტიპის შვეულმფრენისათვის (ბორტი GBP 10009) 1 კომპლექტი კუდა ხრახნის სახელმწიფო შესყიდვაზე. განცხადებაში მითითებულ კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია ღონისძიების შეზღუდულ ვადაში ჩატარების აუცილებლობა და რატომ ვერ იქნებოდა შესყიდვები წინასწარ დაგეგმილი - უწყება განმარტავს:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული მი-8 მტვ-1 ტიპის შვეულმფრენი, საქარხნო № 95487, ბორტი GBP-10009, იღებდა მონაწილეობას ონის რაიონში (შოვი) მეწყრის ჩამოწოლის შედეგად მომხდარი სტიქიის სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში.

ონის რაიონიდან (შოვი) დაბრუნების შემდეგ, კუდა ხრახნის მილისას, ნახაზის №246-3904-000 სერია 01, საქარხნო №МХ0010031B ღერძულა სახსრის (წითელი) შემამჭიდროებელი რეზინიდან შეინიშნება ზეთის ჟონვა, რაც გამოიწვევს შვეულმფრენის GBP-10009 გაჩერებას გაურკვეველი ვადით".

განმარტების თანახმად, აღნიშნული საფრენი აპარატით ხორციელდება: სამაშველო სამუშაოები, სამთავრობო ფრენები და სასაზღვრო პოლიციის დანაყოფების როტაციები. მათი თქმით, აქედან გამომდინარე, საფრენი აპარატის გაჩერება გამოიწვევს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის საქმიანობის შეფერხებით მუშაობას, ხოლო, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წინასწარ ვერ იქნებოდა განსაზღვრული კუდა ხრახნის მწყობრიდან გამოსვლა.


close დახურვა