logo
ENG



შოთა დიღმელაშვილი: ხალხს აქვს აჯანყების უფლება და ხალხი გამოიყენებს ამ უფლებას

13 ნოე 201920:11
3 წუთის საკითხავი
 
j447cm81e03pwxk.jpg

პარლამენტის წინ ისევ აქციაა, სულ უფრო მეტი ადამიანი იკრიბება იმის სათქმელად, რომ ბიძინა ივანიშვილს აღარ მისცემს უფლებას, კიდევ ერთი დაპირება არ შეასრულოს. „არ გაბედო“ - ამ მოწოდებით მიმდინარე აქციის ორგანიზატორები ის სამოქალაქო აქტივისტები არიან, ვინც გავრილოვის ღამის შემდეგ მასშტაბური პროტესტით „ქართულ ოცნებას“ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა დაათმობინა. 

აქციის ორგანიზატორების თქმით, ახლა პარლამენტში მაჟორიტარების მართული წინააღმდეგობით, ბიძინა ივანიშვილი სიტყვის უკან წაღებას ცდილობს. სწორედ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მიიჩნევენ აქციის მონაწილეები იმ მთავარ ფიგურად, რომელსაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე უარის თქმა უნდა და ხალხის რეაქციას ამოწმებს. ეს ტესტი ხალხის გამარჯვებით უნდა დასრულდეს - ფიქრობენ რუსთაველზე შეკრებილები. 

​„თუ კანონპროექტი ჩავარდება, საზოგადოება აღშფოთდება. 2020 წელს თუ პროპორციული არჩევნები არ გვექნება, ნიშნავს, რომ არჩევნების უფლებას გვწაპნიან ცხვირწინ. რას გვაჯერებენ, რომ ოქრიაშვილი ივანიშვილის წინააღმდეგ წავიდოდა? ხომ წარმოგიდგენიათ, რა დაიწერებოდა ტროლ-ფეიჯებზე? 2024 წლამდე თუ მივიდა ეს ამბავი, უკვე ნომინალური მნიშვნელობა ექნება არჩევნების ტიპს. ხალხს აქვს აჯანყების უფლება და ხალხი ამ უფლებას გამოიყენებს,“ - აცხადებს შოთა დიღმელაშვილი.

რუსთაველზე მდგარი ოპოზიციონერები ამბობენ, რომ მმართველ გუნდს უნდა ეყოს კეთილგონიერება და შეასრულოს დაპირება

„ეს არის დაპირება, რომელიც თვითონ ივანიშვილმა გასცა და ძალიან ბევრი ადამიანის მონაპოვარი, რომელიც გავრილოვის ღამეს აპროტესტებდა ოკუპაციას, აპროტესტებდა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, რომ გავრილოვი აქ ჩამოეყვანათ. მე მიმაჩნია, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიისთვის და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებით ჩამოვაცილოთ ივანიშვილი ხელისუფლებას. მაგრამ როგორც ჩანს, ივანიშვილმა კარგად გადათვალა, გადმოთვალა და მიხვდა, რომ 2020-ის არჩევნებში შანსი არ აქვს მოგების. მე მგონია, რომ ეყოფათ კეთილგონიერება და არ ჩააგდებენ ამ კანონპროექტს. თუ ეს ასე არ მოხდება, ეს გამოიწვევს მოსახლეობის პროტესტს,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.

„ორი დღეა ვხედავთ, რომ აქეთ მიჰყავს ივანიშვილს საქმე - უნდათ ინიციატივის ჩაგდება. მაგრამ ეს არი იყო უბრალოდ დაპირება, ეს იყო ერთგვარი კონტრაქტი, რომ მომავალში ცხოვრება იქნება ასე. ეს იყო კრიზისის დროს მიღწეული შეთანხმება. ამის უკან წაღება ნიშნავს განაცხადს „მე ვიტაცებ ძალაუფლებას“. პასუხისმგებელი არის ივანიშვილი, მიუხედავად იმისა, ვინ რას ამბობს შიგნით პარლამენტში,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

სამოქალაქო აქტივისტები ხვალ 12-ზე იკრიბებიან პარლამენტის შესასვლელებთან და შეძახილებით შეაცილებენ დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში.

 


close დახურვა