გენერალური პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის მტკიცებით, 2018 წელს მან მთავარი პროკურორის თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა.
როგორც შოთაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, მისი გადაწყვეტილება იყო დამოუკიდებელი და ის თანამდებობიდან არავის გადაუყენებია.
„შემიძლია გითხრათ, რომ საკუთარი ნებით მივიღე ეს გადაწყვეტილება. მაშინ განხორციელებული რეფორმების შედეგად, პროკურორი არ იყო ანგარიშვალდებული აღმასრულებელი ხელისუფლების წინაშე. შესაბამისად მთავრობას არ შეეძლო მთავარი პროკურორის გადაყენება. მე არავის გადავუყენებივარ თანამდებობიდან. ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული ჩემს მიერ. ეს ავხსენი“, - განაცხადა შოთაძემ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი შოთაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობა 2018 წლის 31 მაისს საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე დატოვა. მის გადადგომას ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე ითხოვდა. მრავალმასშტაბიანი აქციის ფონზე, შოთაძემ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა სარალიძე მის გადადგომას რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა.
მიმდინარე წლის 7 თებერვალს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საპროკურორო საბჭოს ისევ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა წარუდგინა. გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი საპროკურორო საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა.