logo
ENG



შოთაძე ისევ გენპროკურორია - ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ახალი რეპრესიების დაწყებას ელოდება

18 თებ 202020:11
3 წუთის საკითხავი
 

გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის ხელმეორედ დანიშვნის პროცედურა ხმაურისა და საპროტესტო აქციის ფონზე წარიმართა.

პარლამენტთან პიკეტისთვის დილიდან თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი და აქტივისტი იყო მობილიზებული. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან იდგნენ და შოთაძის თანამდებობაზე დაბრუნებას „სირცხვილის დერეფნით“, მსვლელობით, აქციით და შეძახილებით აპროტესტებდნენ.

ტერიტორიაზე მობილიზებული იყო პოლიციის კორდონიც. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის დაკავების უფლებას არ აძლევდნენ, რის გამოც რამდენჯერმე ადგილზე დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების დროს პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილის დაკავებაც სცადა, თუმცა საბოლოოდ, პროტესტმა დაკავებების გარეშე ჩაიარა.

მმართველი გუნდის დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორში ახალი პოლიტიკური რეპრესიების დაწყებას ელოდებიან. ისინი მიიჩნევენ, რომ ბიძინა ივანიშვილს გენერალური პროკურორის პოსტზე შოთაძის დაბრუნება პირადი მიზნების გამო სურს.

ირაკლი შოთაძის წინააღმდეგ გამართული აქციის შემდეგ ოპოზიცია 4 აპრილისთვის ემზადება. ხელისუფლების ოპონენტები ფართომასშტაბიანი აქციას აანონსებენ, სადაც საარჩევნო სტრატეგია უნდა წარადგინონ.  


close დახურვა