logo
ENG



შოთაძე ხორავას ქუჩის საქმეზე - პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ ამიღია

17 თებ 202018:58
3 წუთის საკითხავი
 
b909g4cjb7mwuoq.jpg

გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ ხორავას ქუჩის საქმის გამო, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილებით პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ აუღია. როგორც მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მთავარ პროკურორს პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ აქვს.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ არანაირი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ ამიღია. ასეთ პასუხისმგებლობა არ მქონია, რადგან არ ვყოფილვარ პოლიტიკური თანამდებობის პირი. მე ვიყავი მთავარი პროკურორი და შესაბამისად, მთავარ პროკურორს არავითარი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ გააჩნია“, - აღნიშნა გენპროკურორობის კანდიდატმა.

შოთაძემ თანამდებობის დატოვების მიზეზებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი მიზანი იყო, პროცესი მართლმსაჯულების გზით განვითარებულიყო.

„რაც შეეხება საქმეს, არაერთხელ განვმარტე ის მიზეზები, თუ რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. მძიმე სიტუაცია იყო ამ მართლაც მძიმე საქმეზე შექმნილი. გადაწყვეტილება მივიღე იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებაში იყო გარკვეული კითხვები და მე ჩავთვალე, რომ იგივე დაზარალებულისთვის და საზოგადოებისათვის ცალსახა რომ ყოფილიყო ის, რომ ირაკლი შოთაძეს არანაირი დაინტერესება არასდროს ჰქონია, ჩასჭიდებოდა რომელიმე თანამდებობას. ეს თანამდებობები არის ჩემთვის მეორეხარისხოვანი და არის შესაძლებლობა ვემსახურო ჩემს ქვეყანას, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი. ასევე, იმ დროს შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, როდესაც ამ საქმეს პოლიტიკური ჯგუფები საკუთარი მიზნებისთვის იყენებდნენ. ჩავთვალე, რომ ეს იყო შესაძლებლობა, ამ საქმეზე მართლმსაჯულების პროცესი წასულიყო მართლმსაჯულების გზით.

ბევრ სპეკულაციას ვისმენ იმაზე, რომ ჩემი გადადგომის შემდგომ, გარკვეული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული საქმეზე. მე გადაწყვეტილება მივიღე პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის დღეს. ჩავატარე ბრიფინგი და დაფიქსირებული მაქვს ჩემი პოზიცია, რომ გამოძიება საქმეზე უნდა გაგრძელებულიყო. ბოლო ეტაპზე მიღებული იყო ჩვენებები და ამ ახალი გარემოებების გათვალისწინებით, უნდა გაგრძელებულიყო საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების ჩატარება. შესაბამისად, ვხედავთ, რომ ეს პროცესი მართლმსაჯულების გზით განვითარდა და ჩემთვის ეს არის შესაძლებლობა, რომ საქმის ბოლომდე მიყვანას მაქსიმალურად შევუწყო ხელი“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. 


close დახურვა